ჩვენი ძალიან მყარი და მკაცრი რეკომენდაცია არის ის, რომ ყველა მოქალაქე დაუბრუნდეს პირბადის გამოყენებას, როგორც გარე, ასევე დახურულ სივრცეებში, - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, თამარ გაბუნიამ საკოორდინაციო საბჭოს შეხვედრის დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
მისი თქმით, ინფიცირების შემთხვევების შესამცირებლად კვლავ ყველაზე ეფექტურ საშუალებად პირბადეების ტარება რჩება.
„ამ ეტაპზე ყველზე ქმედითი და ეფექტური საშუალება პრევენციის მიზნით არის პირბადის გამოყენება. ჩვენი ძალიან მყარი და მკაცრი რეკომენდაცია არის ის, რომ ყველა მოქალაქე დაუბრუნდეს პირბადის გამოყენებას როგორც გარე, ასევე დახურულ სივრცეებში, მიუხედავად იმისა, ვინმე ამ პირბადის გამოყენებასთან დაკავშირებით შენიშვნას მისცემს თუ არა, დააჯარიმებს თუ არა", - განაცხადა თამარ გაბუნიამ.
მინისტრის მოადგილის თქმით, დღეს რაც არის დაწესებული, ეს ყველა შეზღუდვა რომ სრულდებოდეს თუნდაც 90 ან 80 პროცენტიანი სიზუსტით, ბევრად უკეთესი მდგომარეობა იქნებოდა ქვეყანაში.