დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი საკოორდინაციო საბჭოზე კიდევ ერთხელ გამოვა ინიციატივით, რომ იმ დაწესებულებებს, სადაც თანამშრომელთა 70-80 პროცენტი სრულად ვაქცინირებულია, კორონავირუსისგან უსაფრთხო დაწესებულების სტატუსი მიენიჭოს, - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორმა, ამირან გამყრელიძემ საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.
გამყრელიძის თქმით, ცენტრის სურვილია, მსგავსი წამახალისებელი ღონისძიებები გატარდეს.
„ძალიან გვინდა, რომ იყოს ასეთი წამახალისებელი ფაქტები. კარგი იქნება კოვიდისგან უსაფრთხო დაწესებულება, სადაც იქ დასაქმებული ადამიანების 70-80% იქნება ორჯერადად აცრილი. დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი ამ წინადადებას კიდევ ერთხელ დააყენებს“, - აღნიშნავს გამყრელიძე.
ამირან გამყრელიძემ ისიც აღნიშნა, რომ მომავალ კვირას საკოორდინაციო საბჭოზე დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი, „პირბადეების ტარებასთან დაკავშირებით რამდენიმე რეკომენდაციას დააყენებს“, თუმცა, კონკრეტულად რა იგულისხმება აღნიშნულ რეკომენდაციებში, გამყრელიძეს არ დაუკონკრეტებია.