საზოგადოება
18.11.2019 13:00
თავისუფლება ვაჟა გაფრინდაშვილს! - თეთრხალათიანთა აქციას გორელი მედიკოსებიც შეუერთდნენ

საოკუპაციო ხაზთან დაკავებული ექიმის, ვაჟა გაფრინდაშვილის მხარდასაჭერად და მისი გათავისუფლების მოთხოვნით გამართულ აქციას „გორმედის“  ქსელის დედათა და ბავშვთა სამედიცინო ცენტრ „იავნანას“ ექიმებიც შეუერთდნენ.
„ყველა ერთად დგომით, პროტესტს გამოვხატავთ საოკუპაციო ხაზთან ცნობილი ექიმის უკანონოდ დაკავების გამო და მოვითხოვთ ტრავმატოლოგ-ორთოპედის,  ვაჟა გაფრინდაშვილის ცხინვალის საპატიმროდან გათავისუფლებას. მოგეხსენებათ, დე ფაქტო რეჟიმის წარმომადგენლებმა, ჩვენი კოლეგის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე აღძრეს და ეგრეთწოდებული საზღვრის უკანონოდ გადაკვეთას ედავებიან. ცნობილია, რომ ე.წ. ოს სამართალდამცავებთან, ვაჟა გაფრინდაშვილმა უარი თქვა რუსულად  საუბარზე და თარჯიმანი მოითხოვა, რაც კიდევ ერთხელ მეტყველებს მის პატრიოტიზმზე. გეტყვით იმასაც, რომ პატიმრობაში მყოფისთვის ტანსაცმლისა და სხვა საჭირო ნივთების მიწოდების უფლება ამ დრომდე არ მიეცა წითელ ჯვარსაც“, - აღნიშნა „გორმედის“  ქსელის დედათა და ბავშვთა სამედიცინო ცენტრ „იავნანას“ დირექტორმა ვასილ ჭეიშვილმა.

თბილისის ცენტრალური საავადმყოფოს ორთოპედ-ტრავმატოლოგი, ვაჟა გაფრინდაშვილი ე.წ. საზღვრის უკანონო გადაკვეთის ბრალდებით 9 ნოემბერს დააკავეს.

კვირის ამბები