სამხრეთ-ოსეთის ოლქის შექმნის და ისტორიული სამაჩაბლოს დაკარგვის ოფიციალური გაფორმებიდან 100 წელი სრულდება. გორის არქივში დაცულ დოკუმენტებზე დაყრდნობით გაცნობებთ, თუ როგორ ვითარდებოდა მოვლენები 1921 წელს.
შინაგან საქმეთა სახალხო კომისარიატის 1921 წლის 20 ივლისის დადგენილების თანახმად, საქართველოს რევოლუციონური კომიტეტის 11 ივლისის დადგენილების საფუძველზე /ოქმი N36, მუხლი 14/ და გორის მაზრის რევკომის განკარგულებით შედგა სპეციალური კომისია, რომელსაც დავალებული ჰქონდა სამხრეთ ოსეთსა და მის მეზობელ რევკომებთან სამოქმედო საზღვრების სწრაფად გამორკვევა.
სამხრეთ-ოსეთის საოლქო რაიონში შევიდა გორის მაზრის შუამდგომლობაში მყოფი შვიდი სოფლის საზოგადოებანი:
ორტევის 17 სოფელი
ბელოთის 34 სოფელი
ყორნისის 12 სოფელი
ჯავის 16 სოფელი
ყემულთის 19 სოფელი
როკის-33 სოფელი
წუნარის-33 სოფელი
საოლქო ადმინისტრაციულ ცენტრად - „რეზიდენციად“ დანიშნული იქნა სოფელი ჯავა. დაევალა გორის მაზრის რევკომს, დაუყოვნებლივ გადაეცა კუთვნილებისამებრ ყველა ის საქმეები და საბუთები, რომლებიც შეეხებოდა სამხრეთ ოსეთის ოლქს.
ორტევის, ბელოთის და წუნარის საზოგადოებებიდან რვა წმინდა ქართული სოფლის გამოყოფის საკითხი, თანახმად გორის სამაზრო რევკომის დასკვნისა, კომისიის მუშაობის დამთავრებამდე დატოვებული იქნა ღიად და ეს სოფლები, სახელდობრ: ვანათი, აწერის-ხევი, საცხენეთი, ხაშურა, ხადურიანთ-კარი, დვანი, ზემო ავნევი და ქვემო ავნევი ჯერჯერობით დარჩა ცხინვალის რაიონში.
საზღვრების დამდგენი კომისია განაგრძობდა მუშაობას, ღიად რჩებოდა წმინდა ქართული სოფლების ბედი, პირველი დადგენილების საფუძველზე, ქ. ცხინვალი და მის ირგვლივ არსებული ქართული სოფლები რჩებოდა სარაიონო რევკომის ხელისუფლების ქვეშ, შესაბამისად, არ დაექვემდებარებოდა სამხრეთ-ოსეთის ავტონომიურ ხელისუფლებას იმ დრომდე, ვიდრე ამ რაიონის ქართული მოსახლეობა არ გამოთქვამდა ავტონომიური ოსეთის ტერიტორიაში შესვლის სურვილს. გეგმის ხელახალი შედგენის დროს, გარდა 20 ივლისის დადგენილებაში აღნუსხული იმ შვიდი სოფლის საზოგადოებისა, ყველა დაბა-სოფელი და ქალაქი უნდა შესულიყო გორის მაზრის ფარგლებში. მაზრის თემებად დაყოფისას უნდა ეხელმძღვანელად გეოგრაფიული, ეკონომიკური და ზოგჯერ ისტორიული თვალსაზრისითაც.
საქ.სსრ რევოლუციონური კომიტეტის 1921 წლის დეკემბრის ოქმის ამონაწერი:
სამხრეთ-ოსეთის ავტონომიური მხარის ადმინისტრაციულ ცენტრად ჩაითვალოს ქ. ცხინვალი ავტონომიური ხელისუფლების იმ ტერიტორიაზე გავრცელებით, სადაც ოსები არიან დასახლებული, გარდა ჩასავლის საზოგადოებისა და კობის რაიონისა, რომელთაგან პირველი უნდა დარჩეს რაჭის მაზრაში;
მიენდოს შინაგან საქმეთა სახალხო კომისარიატს ავტონომიური ოსეთის საზღვრების დაწვრილებით გამორკვევა კომისიასთან ერთად;
იმ დრომდე, სანამ ცხინვალის რაიონის ქართველი მოსახლეობის სულიერი მდგომარეობა შეიცვლება, ქ. ცხინვალის რაიონის ავტონომიურ ოსეთის ტერიტორიად მიჩნევის სასარგებლოდ, ქ. ცხინვალი და მის ირგვლივ არსებულ ქართველ მოსახლეობის სოფლებში ძალაუფლება დაეტოვოს სარაიონო რევკომს, რომელიც შედის გორის მაზრაში.
სრულიად საქართველოს ცაკ-ის და სახალხო კომისართა საბჭოს 1922 წლის 20 აპრილის თარიღით გამოცემული დეკრეტის თანახმად, სამხრეთ ოსეთის ავტონომიურ ოლქზე გადაცემულ იქნა სოფლები: კალეთი, წნელისი, ოკონა, თედეტ-კაუ, იონჯა, ქვათეთრი, გვირგვინა, გაბარათ-კაუ, დიდმუხა, გუჯაბაური, ცხინვალი, ხოლო გორის მაზრას მიეკუთვნა სოფლები კობი, ჩორჩანი, კოდა, ჩვრინისი, ატოცი, კნოლევი, ავლევი, წერონისი, თამარშენი, გამეთი, დირბი, ტახტისძირი, დვანი, ქვემო და ზემო ნიქოზი.
საბოლოოდ შეჯერებული დოკუმენტი ტერიტორიული საზღვრების შესახებ გორის არქივში არ ინახება.
,,გორის მაცნე" მადლობას უხდის ინფორმაციისთვის გორის ადგილობრივ არქივს და ქეთევან მაჭარაშვილს.