სახელმწიფო პროგრამის - „დანერგე მომავლი“ ფარგლებში, ახალი მრავალწლოვანი ბაღების გაშენებით დაინტერესებული პირების განაცხადების მიღება სექტემბრიდან დაიწყება.
როგორც სოფლის განვითარების სააგენტოში აცხადებენ, ბენეფიციართა თანადაფინანსება ოთხი დამოუკიდებელი კომპონენტის ფარგლებშიგანხორციელდება და ჩამონათვალი ასე გამოიყურება:
მრავალწლოვანი ბაღების თანადაფინანსების კომპონენტი (შემდგომში ბაღების კომპონენტი); სანერგე მეურნეობების თანადაფინანსების კომპონენტი (შემდგომში სანერგეების კომპონენტი); სეტყვის საწინააღმდეგო სისტემების ან/და ჭის/ჭაბურღილის/წვეთოვანი სარწყავი სისტემის მოწყობის თანადაფინანსების კომპონენტი და სტიქიური მოვლენების შედეგად დაზიანებული ნერგების დაფინანსების კომპონენტი (შემდგომში ნერგების კომპონენტი).
„პროექტი, მიზნად ისახავს საქართველოში არსებული სასოფლო-სამეურნეო მიწების ეფექტურ გამოყენებას მრავალწლოვანი კულტურების გაშენების გზით, რის შედეგადაც განხორციელდება იმპორტირებული პროდუქციის ჩანაცვლება და გაიზრდება საექსპორტო პოტენციალი, გაადვილდება გადამამუშავებელი საწარმოების ნედლეულით უზრუნველყოფის შესაძლებლობა და გაუმჯობესდება სოფლად მოსახლეობის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობა. ასევე, ადგილობრივი მაღალხარისხიანი, ფიტოსანიტარულად სუფთა სარგავი მასალების (ნერგების) წარმოების მხარდაჭერას, რის შედეგადაც შესაძლებელი გახდება თანამედროვე ინტენსიური ბაღების გაშენებით დაინტერესებული პირებისათვის იმპორტირებულთან შედარებით იაფი სარგავი მასალების შეთავაზება. ეს ყოველივე კი, თავის მხრივ, ხელს შეუწყობს საქართველოში ახალი ბაღების გაშენებას და მეხილეობის სექტორის რაოდენობრივ და თვისობრივ გაუმჯობესებას“, - აცხადებენ სოფლის განვითარების სააგენტოში.
შეგახსენებთ, პროექტი „დანერგე მომავალი“ ინიცირებულია საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ და ახორციელებს სოფლის განვითარების სააგენტო სახელმწიფო ბიუჯეტის დაფინანსებით.