საზოგადოება
04.08.2021 08:50
ცხოვრებაში არის მომენტები, როცა ცვლილებების დროა და ჩემს ცხოვრებაშიც დადგა ეს მომენტი - ვლადიმერ ხინჩეგაშვილი

არის მომენტები, როცა ცვლილებების დროა და ჩემს ცხოვრებაშიც დადგა ეს მომენტი, - ამის შესახებ ,,ქართული ოცნების“ გორის მერობის კანდიდატი, ტიტულოვანი სპორტსმენი ლადო ხინჩეგაშვილი სოციალურ ქსელ ,,ფეისბუქის“ საკუთარ გვერდზე წერს

 

,,მადლობა უფალს ყველაფრისთვის, რაც მომცა!

დიდი მადლობა მინდა გადავუხადო ჩემს მშობლებს, პირად და ნაკრების მწვრთნელებს, ექიმებს, ჭიდაობის ფედერაციას, იმ სპორტსმენებს, ვისთან ერთადაც ერთი დღე მაინც მივარჯიშია და ყველას, ვისაც ჩემს წარმატებაში მცირედი წვლილი მაინც მიუძღვის.

რა თქმა უნდა, დიდ მადლობას ვუხდი ყველა ჩემს გულშემატკივარს, რომლებიც მთელი კარიერის განმავლობაში უდიდეს მოტივაციას მაძლევდნენ. ჩემი უმთავრესი მიზანი ყოველთვის იყო ჩემი ქვეყნის და ხალხისთვის

სიხარულის მოტანა. მოხარული ვარ, რომ მიზანს გარკვეულწილად მივაღწიე და არაერთხელ მომეცა შანსი, ამაყად მომესმინა უდიდეს სპორტულ ღონისძიებებზე გაჟღერებული საქართველოს ჰიმნი.

ჭიდაობამ შექმნა ის, ვინც ვარ დღეს და მე ამის ყოველთვის მადლიერი ვიქნები.

რა თქმა უნდა, ძალიან რთული იყო ამ გადაწყვეტილების მიღება. იმედი მქონდა, რომ ტოკიოდან კიდევ ერთხელ გაგახარებდით, მაგრამ, სამწუხაროდ, არ მომეცა ამის საშუალება. ცხოვრებაში არის მომენტები, როცა ცვლილებების დროა და ჩემს ცხოვრებაშიც დადგა ეს მომენტი.

და ბოლოს, ბევრი ახსნის გარეშე, უდიდესი მადლობა დედაჩემს, რომლის უპირობო გვერდში დგომის გარეშე ვერაფერს შევძლებდი“, - წერს ლადო ხინჩეგაშვილი სოციალურ ქსელში.

შეგახსენებთ, მმართველმა გუნდმა 2021 წლის 2 ოქტომბერს დაგეგმილ თვითმმართველობის არჩევნებზე გორის მერობის კანდიდატად ოლიმ­პი­უ­რი თა­მა­შე­ბის, მსოფ­ლი­ოს და ევ­რო­პის რამ­დე­ნი­მე გზის ჩემ­პი­ო­ნი ვლადიმერ ხინჩეგაშვილი წარადგინა. ხინჩეგაშვილი დარ­წმუ­ნე­ბუ­ლია, რომ მიუხედავად იმისა, ვინ იქნებიან კონკურენტები, არჩევნების პირ­ვე­ლი­ვე ტურ­ში გა­ი­მარ­ჯვებს.

კვირის ამბები