ნასვამი მძღოლის პასუხისმგებლობა გამკაცრდება,ავტომობილის მთვრალ მდგომარეობაში მართვაზე მძღოლს მართვის უფლება ერთი წლით შეუჩერდება
ავტომობილის მთვრალ მდგომარეობაში მართვაზე, მძღოლს მართვის უფლება 1 წლით შეუჩერდება. კანონპროექტი „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შესახებ“, რომელიც სატრანსპორტო საშუალების ალკოჰოლური, ნარკოტიკული ან ფსიქოტროპული სიმთვრალის მდგომარეობაში მართვაზე სანქციების გამკაცრებას ითვალისწინებს, პარლამენტმა მეორე მოსმენით დღეს განიხილა.
პროექტის თანახმად, სატრანსპორტო საშუალების მართვისთვის ალკოჰოლური სიმთვრალის მდგომარეობაში, ან სატრანსპორტო საშუალების მართვისას საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ალკოჰოლური სიმთვრალის დასადგენად შემოწმებისათვის თავის არიდებისთვის, პასუხისმგებლობად განისაზღვრება სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების 1 წლით შეჩერება, ნაცვლად 6 თვისა. ამასთან, კანონპროექტის მიხედვით, იზრდება სხვადასხვა ანალოგიური სამართალდარღვევისათვის დაწესებული სანქციებიც.
პარტია „მოქალაქეების“ საკანონმდებლო ინიციატივას მხარი 82-მა დეპუტატმა დაუჭირა.