საზოგადოება
03.08.2021 12:58
ქვეყანაში ვირუსით გარდაცვლილთა 99.7% აუცრელი იყო, აცრა ერთ-ერთი მთავარია, რაც დაგვიცავს ეპიდემიის შემდგომი გაუარესებისგან - გამყრელიძე

საქართველოში კორონავირუსით გარდაცვლილი ადამიანების 99.7% აუცრელი იყო, - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.

„დღეს სამწუხაროდ, გვაქვს გარდაცვალების 34 შემთხვევა. ერთი მთავარი გზავნილი მინდა გავაკეთო - გუშინ გაანალიზდა მთლიანად წელს გარდაცვალებულთა რაოდენობა და 99.7% სამწუხაროდ, აუცრელია. მეორე მხრივ, ასევე გაანალიზდა აცრილ მოსახლეობაში დაინფიცირების მაჩვენებელი, ეს არის 0, 3% ორჯერ აცრილებში და 0,9% ერთხელ აცრილებში. აქაც სრულად აცრილებში დაახლოებით, თხუთმეტჯერადი განსხვავებაა ანუ აცრა 15 ჯერადობით იცავს - 1000 ადამიანში ვინც აცრილია, შეიძლება დაიღუპოს ერთი მაშინ, როდესაც აუცრელ 1000 ადამიანში დაიღუპება 15. ამიტომ დაცვას აცრისას აქვს ძალიან სერიოზული საფუძველი. აცრები ერთ-ერთი მთავარია რაც ჩვენს მოსახლეობას დაიცავს ეპიდემიის შემდგომი გაუარესებისგან და სავალალო გამოსავლისგან“, - განაცხადა გამყრელიძემ.

გამყრელიძის ინფორმაციით, ამ ეტაპის მდგომარეობით, საქართველოში 523 000 ადამიანია აცრილი, აქედან ორჯერადად აცრილია 165 000 ადამიანი, რაც მოზრდილი მოსახლეობის მხოლოდ 5,8 % შეადგენს.

კვირის ამბები