ძიუდოს კლუბი ,,გოლდენ გორი“ ევროპის საკლუბო ჩემპიონთა ლიგაზე ბრინჯაოს პრიზიორი გახდა.
შეჯიბრება 16 ნოემბერს პორტუგალიის ქალაქ ოდიველაში ჩატარდა. გორელებს მედლების მოსაპოვებლად სამი შეხვედრის ჩატარება მოუწიათ და პორტუგალიურ გუნდთან მარცხის შემდეგ, ორ ფრანგულ კლუბთან მოგებით ლიგა მესამე ადგილზე დაამთავრეს.
გორელები პორტუგალიაში შემდეგი შემადგენლობით ასპარეზობდნენ: ვაჟა მარგველაშვილი (66 კგ.), ლაშა შავდათუაშვილი (73), ლუკა მაისურაძე (81), ბექა ღვინიაშვილი (90), გელა ზაალიშვილი (+90). მწვრთნელი ნოდარ მეტრეველი.
კენჭისყრამ პირველივე შეხვედრაში გორულ კლუბს ჩემპიონთა ლიგის მოქმედ გამარჯვებულთან ლისაბონის ,,სპორტინგთან" პაექრობა არგუნა. მოქმედი ჩემპიონის დასამარცხებლად ჩვენს სპორტსმენებს ძალები არ ეყოთ და 2:3 დათმეს.
რეპეშაჟში გადართული ,,გოლდენ გორის" პირველი მეტოქე ფრანგული კლუბი ,,ფლამ 91" იყო, რომელსაც ჩვენმა ძიუდოისტებმა ადვილად აჯობეს. ჯერ ვაჟა მარგველაშვილმა, შემდეგ ლაშა შავდათუაშვილმა და ლუკა მაისურაძემ ზედიზედ დაამარცხეს მათი მოწინააღმდეგენი და გუნდურად 3:0 დააწინაურეს გორული კლუბი, შესაბამისად დარჩენმა ორმა ორთაბრძოლამ აზრი დაკარგა და საბოლოოდ 3:2 მოიგო ,,გოლდენ გორმა“.
რეპეშაჟის მეორე შეხვედრაში, რომელიც უშუალოდ ბრინჯაოს მედლისთვის ბრძოლა იყო გორელებს კიდევ ერთი ფრანგული კლუბი ,,ეტუალი“ დაუპირისპირდა. მათთანაც თავიდანვე დაწინაურდა ,,გოლდენ გორი“, რადგან ვაჟა მარგველაშვილმა რამდენიმე წამში გააკრა ტატამს ალექსანდრ მარიასი. ლაშა შავდათუაშვილს ძალიან რთული პაექრობის ჩატარება მოუწია პიერ დუპრესთან. თავი იჩინა მისმა ტრავმამ და ძირითადი დროს ფრედ დასრულების შემდეგ ოქროს დროში ფრანგმა იმარჯვა 1:1. ლუკა მაისურაძემ ბაპტიშტ პიერის ვაზარის ხარჯზე მოგებით თავისი გუნდი ისევ წინ გაიყვანა 2:1. გადამწყვეტი ქულა კი გუნდს ბექა ღვინიაშვილმა მოუტანა, რომელმაც მაქსიმ ამინო ჯერ ვაზარზე დააგდო, შემდეგ დააიპონა და ანგარიშში სხვაობა გოლდენ გორის სასარგებლოდ 3:1 გახდა. აქ უკვე გელა ზაალიშვილის შეხვედრა ტიტულოვან სირილ მარესთან აღარაფერს შეცვლიდა, მარემ მოიგო, მაგრამ ,,გოლდენ გორი" ოფიციალურად გახდა ჩემპიონთა ლიგის ბრინჯაოს პრიზიორი!
ნიშანდობლივია, რომ ,,გოლდენ გორი“ ზუსტად 1 წლის წინ დაარსდა. შარშან, დაარსებიდან 1 თვეში, რუმენთში გამართულ ევროპის ლიგაზე იასპარეზა და იქ პირველი ადგილი დაიკავა. ეს ლიგა ევროპაში რანგით მეორეა, შესაბამისად გორელებმა ჩემპიონთა ლიგის საგზური მოიპოვეს და აგერ ახლა იჭიდავეს კიდეც ახლა უკვე ჩემპიონთა ლიგაზე, სადაც ბრინჯაოს პრიზიორები გახდნენ.
ზუსტად 1 წელიწადში გამართულ ორ მთავარ საკლუბო შეჯიბრებაზე ერთი პატარა ქალაქის მიერ მოპოვებული ოქროს და ბრინჯაოს მედლები უდავოდ შთამბეჭდავი შედეგია! აქვე აღსანიშნავია ისიც, რომ ჩვენი კლუბი ლეგიონერების გარეშე და სულაც გორელებით ახერხებს წარმატების მიღწევას.
გაისად ,,გოლდენ გორს“ ჩემპიონთა ლიგაზე უკვე გამოცდილებაც გაუმაგრებს ზურგს და ჩემპიონიბისთვისაც იბრძოლებს.