საზოგადოება
03.08.2021 11:37
დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტო სამუშაოს მაძიებლებისთვის უფასო ტრენინგ-კურსებს იწყებს
დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტო სამუშაოს მაძიებლებისთვის საკვანძო კომპეტენციებში მოკლევადიან ტრენინგ-კურსებს იწყებს. ზემოხსენებული პროგრამა წლის ბოლომდე სამ ეტაპად განხორციელდება. სასწავლო კურსი ხელმისაწვდომი იქნება საქართველოს მასშტაბით 8 ქალაქში: თბილისში, გორში, ბათუმში, ზუგდიდში, ქუთაისში, ოზურგეთში, რუსთავსა და თელავში.
როგორც დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტოში აცხადებენ, აღნიშნული ტრენინგ კურსები სერტიფიცირებული იქნება და კურსის დასრულების შემდეგ გაიცემა სწავლების დამადასტურებელი მოწმობა.
„სასწავლო კურსში ჩართვისთვის, სამუშაოს მაძიებელმა უნდა მიმართოს დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტოს სერვისცენტრებს, სადაც კარიერის დაგეგმვის კონსულტანტის მიერ გაეწევა შესაბამისი კონსულტაცია, რის შემდეგ შეძლებს აღნიშნულ კურსებზე ჩართვას. სასწავლო ტრენინგ კურსი წარიმართება შემდეგი ორი მიმართულებით: პერსონალური და სოციალური კომპეტენცია და ციფრული კომპეტენცია. საკვანძო კომპეტენციების ტრენინგები განკუთვნილია შრომის ბაზრის მართვის საინფორმაციო სისტემაში - worknet.gov.ge-ზე რეგისტრირებული სამუშაოს მაძიებლებისთვის. კერძოდ, 16 წლის ასაკიდან დაინტერესებული, შესაბამისი კომპეტენციების ამაღლების საჭიროების მქონე პირთათვის, რომლებსაც შემდგომში ექნებათ შესაძლებლობა გააქტიურდნენ შრომის ბაზარზე,“ - ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
მოკლევადიან სასწავლო კურსს განახორციელებენ სსიპ დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტოს მიერ გამოცხადებულ ტენდერში გამარჯვებული ორგანიზაციები - ააიპ „საქართველოს ახალგაზრდა ეკონომისტთა ასოციაცია” (პერსონალური და სოციალური კომპეტენცია) და საქართველოს ბიზნესის აკადემია-SBA (ციფრული კომპეტენცია). დაინტერესებულმა პირებმა, სააგენტოს სერვისცენტრს გორში გმირების 18 ნომერში შეუძლიათ მიმართონ. პროგრამაში ჩართული ბენეფიციარებისთვის სწავლა უფასოა.
კვირის ამბები