საავიაციო სფეროში დასაქმებული ადამიანების უმეტესობისგან განსხვავებით, გეტყვით, რომ ავიაცია არ იყო ჩემი ბავშვობის ოცნება. 20 წლის ვიყავი, ვსწავლობდი იმას, რაც არ მაინტერესებდა, სწორედ ამ პერიოდში გადავწყვიტე, რომ ჩემი ცხოვრება ასე არ უნდა გაგრძელებულიყო, - ამბობს ნიკა სვანიძე და სწორედ ამ პერიოდიდან იწყება მისი საფრენოსნო ისტორია.
სკოლის დამთავრების შემდეგ, ნიკა სვანიძემ ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკის ფაკულტეტზე განაგრძო სწავლა, თუმცა, მალევე მიხვდა, რომ ეს ის არ იყო, რაც უნდოდა, რაც აინტერესებდა, ამიტომ, მეორე კურსიდან გადაწყვეტილება მიიღო და საავიაციო უნივერსიტეტის საფრენოსნო-საპილოტე ფაკულტეტზე განაგრძო სწავლა. ამავე უნივერსიტეტში საფრენოსნო-საპილოტე მიმართულებით დაამთავრა მაგისტრატურაც (100 % იანი გრანტით), მას შემდეგ კი მფრინავობისთვის ემზადებოდა. Конец формыნიკა სვანიძე ახლა უკვე ავიაკომპანიის პილოტია. Airline TCA LLC-ი ახალგაზრდა გორელი პილოტის შესახებ წერს. ,,გორის მაცნე“ გთავაზობთ ინტერვიუს.
რამ განაპირობა, რომ გახდით პილოტი?
საავიაციო სფეროში დასაქმებული ადამიანების უმეტესობისგან განსხვავებით, გეტყვით, რომ ეს არ იყო ჩემი ბავშვობის ოცნება. მე 20 წლის ვიყავი, ვსწავლობდი იმას, რაც არ მაინტერესებდა, სწორედ ამ პერიოდში გადავწყვიტე, რომ ჩემი ცხოვრება ასე არ უნდა გაგრძელებულიყო. მინდოდა ისეთი ცვლილება, რომელიც გააერთიანებდა ჩემს ინტერესებს, უნარებსა და პიროვნებას. რაც უფრო მეტს ვსწავლობდი პილოტად ყოფნის შესახებ, მით უფრო ვხვდებოდი, რომ ეს იყო ჩემი გატაცება, ჩემი ინტერესის სფერო.
პილოტისთვის რა არის მთავარი სტიმული?
ძალიან მიყვარს და პატივს ვცემ ჩემს საქმეს და რაც დრო გადის, ეს სიყვარული კიდევ უფრო იზრდება. ჩემი პროფესიის ყველა ასპექტი ჩემთვის საინტერესოა - განსაკუთრებით, რა თქმა უნდა, კარგი დაშვება, ასევე ძალიან მნიშვნელოვანია მომხმარებელთა კარგი გამოხმაურება.
️რა თვისებები უნდა ჰქონდეს კარგ პილოტს?
კარგ პილოტს უნდა ჰქონდეს პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა და თვითდისციპლინა. მას, ასევე უნდა შეეძლოს ბრძანების სწორად მიღება და სიმშვიდის შენარჩუნება კრიტიკულ სიტუაციებში.
რას გვეტყვით თქვენი ეკიპაჟის წევრების შესახებ?
ჩვენი საფრენოსნო ეკიპაჟი ოჯახს ჰგავს - მათგან დიდ მხარდაჭერას ვგრძნობ. ისინი არიან საუკეთესო, ყველაზე კვალიფიციური მფრინავები საქართველოში და ყოველთვის მზად არიან გაუზიარონ თავიანთი გამოცდილება ახალბედებს. თჩA– ს ტექნიკური პერსონალი ასევე პროფესიონალია და მე შემიძლია მათ ყოველთვის თამამად ვენდო. თითოეული ჩვენგანი მუდმივად მუშაობს ჩვენი უნარების კიდევ უფრო სრულყოფისა და კვალიფიკაციის ამაღლებისთვის.
27 წლის მფრინავი დაოჯახებულია, ჰყავს მეუღლე, თეკლა ფანქველაშვილი და შვილი - თორნიკე.