ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების თარიღთან დაკავშირებით პრეზიდენტის შესაბამისი განკარგულების თანახელმოწერა პრემიერ-მინისტრმა უკვე განახორციელა.
თანახელმოწერის თანახმად, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები 2021 წლის 2 ოქტომბერს დაინიშნა.
შესაბამისად, წინასაარჩევნო კამპანია ოფიციალურად დღეიდან, 3 აგვისტოდან იწყება.
წინასაარჩევნო კამპანიის პერიოდში პოლიტიკურ პარტიას, საარჩევნო სუბიექტობის კანდიდატს, საარჩევნო სუბიექტს უფლება აქვთ, დაამზადონ წინასაარჩევნო მოწოდებები, განცხადებები, წარწერები, ფურცლები, ფოტომასალები და სხვა. აკრძალულია მათი გავრცელებისათვის ხელის შეშლა და ჩამორთმევა, აგრეთვე სააგიტაციო დანიშნულების ავტოსატრანსპორტო და სპეციალური მოწყობილობით აღჭურვილი სხვა საშუალებების ჩამორთმევა და წინასაარჩევნო აგიტაციის მიზნით მათი გამოყენებისათვის ხელის შეშლა.
წინასაარჩევნო კამპანიის პერიოდში მუნიციპალიტეტის ორგანოები ვალდებულები არიან, რომ ხელი შეუწყონ პოლიტიკურ პარტიებს, საარჩევნო სუბიექტებს ამომრჩეველთან შეხვედრებისა და კრებების, საჯარო დებატებისა და დისკუსიების, შეკრებებისა და მანიფესტაციების ორგანიზებასა და ჩატარებაში, უზრუნველყონ ამ ღონისძიებების უსაფრთხოება.
აკრძალულია სახელმწიფო ბიუჯეტის/მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის დაფინანსებით ორგანიზებულ ღონისძიებაზე, პრეზენტაციაზე ორგანიზატორის მიერ წინასაარჩევნო აგიტაციის გაწევა, რაც ჩაითვლება ქმედება ადმინისტრაციული რესურსების გამოყენებად.