საზოგადოება
02.08.2021 16:45
თურქეთი კვლავ ხანძარს ებრძვის, ქვეყნის სამხრეთ-დასავლეთ ნაწილში მდებარე ქალაქებიდან ტურისტების სრული ევაკუაცია განხორციელდა

თურქეთში ხანძრის ლიკვიდაცია კვლავ ვერ ხერხდება. ქვეყნის სამხრეთ-დასავლეთით მდებარე ტურისტული ზონებიდან  - ანტალიიდან, ბოდრუმიდან და სხვა საკურორტო ქალაქებიდან ტურისტების სრული ევაკუაცია განხორციელდა. თურქეთის ხელისუფლებამ აღნიშნული გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღო, რაც ხანძარი სასტუმროებსა და საცხოვრებელ სახლებს მიუახლოვდა.

ხანძრის ჩაქრობაში თურქეთს აზერბაიჯანული, ირანული, რუსული და უკრაინული ვერტმფრენები ეხმარებიან.

ანტალიის, მუღლას, მერსინის, ადანასა და ოსმანიეს პროვინციები სტიქიური უბედურების ზონად გამოცხადდა.

ოფიციალურად დადასტურებული ინფორმაციით, ხანძრის შედეგად დაღუპულია 8 ადამიანი, დაშავებულია რამდენიმე ასეული პირი. აღნიშნულის გარდა, დაღუპულია ათასობით ცხოველი, განადგურებულია ტყე და სასოფლო-სამეურნეო სავარგულები.

თურქეთის სამხრეთ-დასავლეთ ნაწილში მდებარე პროვინციები ტყის ხანძრებმა გასული ოთხშაბათიდან მოიცვა და მალევე გავრცელდა დასახლებულ პუნქტებზეც.

ამ დროისთვის ხანძრის კერა ფიქსირდება ტყიან ფართობებსა და 32 ქალაქში. თურქეთს ხანძრის ქრობაში ეხმარებიან საქართველო, აზერბაიჯანი, ირანი, უკრაინა, რუსეთი. ევროკავშირმა თურქეთის დასახმარებლად ორი სპეციალური თვითმფრინავიც გაგზავნა. მთლიანობაში, ხანძრის ქრობის პროცესში ჩართულია 13 თვითმფრინავი, 45 ვერტმფრენი, უპილოტო საფრენი აპარატები, 120 სახანძრო მანქანა და 5 ათასამდე მეხანძრე.

თურქეთი მასშტაბურ ხანძარს 28 ივლისიდან ებრძვის, ქვეყნის მთავრობა ვარაუდობს, რომ ხანძრები განზრახ გააჩინეს.

კვირის ამბები