„შეუკვეთე შენი სპექტაკლი“ - გიორგი ერისთავის სახელობის დრამატული თეატრი ახალი პროექტის განხორციელებას იწყებს
თეატრის შემოქმედებით პროცესში მაყურებლის მეტად ჩართულობის ხელშესაწყობად, გიორგი ერისთავის სახელობის დრამატული თეატრი ახალი პროექტის - „შეუკვეთე შენი სპექტაკლი“ - განხორციელებას იწყებს.
როგორც იდეის ინიციატორები აცხადებენ, კულტურული პროექტი გულისხმობს მაყურებლის ონლაინ გამოკითხვის შედეგად, ხმათა უმრავლესობით გამოვლინდეს ის ქართველი ავტორი, ვისი ნაწარმოების სცენური ვერსიის ნახვასაც ისურვებდნენ თეატრისმოყვარულები.
„პროექტი გულისხმობს მაყურებლის ონლაინ გამოკითხვის შედეგად ხმათა უმრავლესობით გამოვლინდეს ის ქართველი ავტორი, ვისი ტექსტის სცენურ რედაქციასაც ერისთავის თეატრი უკვე დაანოსნებულ სამ პრემიერასთან ერთად მომავალ სეზონზე უჩვენებს თავის ერთგულ მაყურებელს. ამიტომ მოგვაწვდინე შენი ხმა - რას ნახავდი მომავალ სეზონზე ჩვენი შესრულებით? იაქტიურეთ და შეუკვეთეთ თქვენი სპექტაკლი“, - ამბობენ იდეის ავტორები.
როგორც GMnews-სთვის ცნობილია, გამოკითხვა ორ ეტაპად ჩატარდება.
პირველი ეტაპის ხანგრძლივობა, რომელიც ლიტერატურული მიმდინარეობის/მიმართულების არჩევას მოიცავს, ორი კვირა იქნება და 10 აგვისტომდე პერიოდს მოიცავს.