საზოგადოება
02.08.2021 12:04
ზოგ წამალზე 300 და 400%-იანი ფასნამატია, არც ერთ ქვეყანაში არ ხდება მსგავსი რამ, ჩვენ უნდა მივიღოთ გადაწყვეტილებები უმოკლეს დროში - ირაკლი ღარიბაშვილი

კიდევ ერთი საკითხი, რაც ჩვენს მოსახლეობას აწუხებს, არის ფარმაცევტულ ბაზარზე არსებული სიტუაცია და წამლების ფასები. წამლის ფასი ძალიან გაზრდილია ქვეყანაში, - ამის შესახებ საქართველოს მთავრობის ხელმძღვანელმა განაცხადა.

ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, არსებობს ინფორმაცია, რომ ზოგიერთ წამალზე 300 და 400%-იანი ფასნამატი არის დადებული კომპანიების მხრიდან.

„კიდევ ერთი საკითხი, რაც ჩვენს მოსახლეობას აწუხებს, არის ფარმაცევტულ ბაზარზე არსებული სიტუაცია და წამლების ფასები. წამლის ფასი ძალიან გაზრდილია ქვეყანაში. ყველა სტატისტიკა ამაზე მეტყველებს და ამის თაობაზე ყველა არის უკიდურესად შეშფოთებული და შეწუხებული. მე მქონდა არაერთი საუბარი კონკურენციის სააგენტოს ხელმძღვანელთან, რომელიც მუშაობს ანგარიშზე და მონიტორინგის შუალედური ანგარიში წარმოდგენილი იქნება რამდენიმე დღეში. მინდა, ჯანდაცვის მინისტრს დავავალო, რომ მასთან მჭიდრო კოორდინაციაში იყოს და დროულად წარმოუდგინონ საზოგადოებას არსებული ვითარების ანალიზი, რომ შემდეგ გამოსავლის გზები დავსახოთ. არსებობს ინფორმაცია, რომ ზოგიერთ წამალზე 300 და 400%-იანი ფასნამატი არის დადებული კომპანიების მხრიდან, რაც აბსოლუტურად მიუღებელია, არც ერთ ქვეყანაში არ ხდება მსგავსი რამ. ჩვენ ეს კარგად უნდა შევისწავლოთ და მივიღოთ შესაბამისი გადაწყვეტილებები უმოკლეს დროში,“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

კვირის ამბები