ძიუდოისტთა ნაკრები საქართველოში წუხელ გვიან ღამით დაბრუნდა. სპორტსმენებს აეროპორტში გულშემატკივრები ოვაციებით დახვდნენ. გულშემატკივართა შორის იმყოფებოდნენ შიდა ქართლისა და გორის ხელისუფლების წარმომადგენლები, სპორტსმენები და ოლიმპიადის პრიზიორთა ოჯახის წევრები და მეგობრები.
შეგახსენებთ, რომ ტოკიოს ოლიმპიადაზე ქართველმა ძიუდოისტებმა სამი ვერცხლის და ერთი ოქროს მედალი მოიპოვეს.
ოთხი მედლიდან ორი ვერცხლი გორელების ანგარიშზეა - ლაშა შავდათუაშვილისთვის ეს მესამე ოლიმპიური მედალია, ვაჟა მარგველაშვილისთვის კი - პირველი.
შავდათუაშვილმა უკვე მესამე ოლიმპიადაზე იასპარეზა და არცერთხელ უმედლოდ არ დარჩენილა. ოქროც 2012 წელს ლონდონში აიღო, 2016 წელს რიო-დე-ჟანეიროში ბრინჯაოს მედალს დაეუფლა და ტოკიოზე - ვერცხლს.
ამ შედეგით, შავდათუაშვილი ერთადერთი ძიუდოისტი გახდა საქართველოში, რომელსაც სამ ოლიმპიადაზე აქვს მედალი აღებული. მეტიც, ასეთი შედეგით მსოფლიოშიც სულაც მხოლოდ ხუთი ძიუდოისტი დაიკვეხნის. აქვე შეგახსენებთ, რომ ლაშამ ორი თვის წინ, ბუდაპეშტში გამართულ მსოფლიოს ჩემპიონატზე კიდევ ერთი გამორჩეული წარმატება - ჩემპიონობა იზეიმა და ამით ერთადერთი ქართველი ძიუდოისტი გახდა, რომელსაც ოლიმპიური თამაშების, მსოფლიოს და ევროპის ჩემპიონის ტიტული აქვს მოპოვებული.
რაც შეეხება მარგველაშვილს, ოლიმპიურ თამაშებზე ტოკიოში აღებული მედალი ვაჟა მარგველაშვილისთვის პირველი ოლიმპიური მედალია. ვაჟას 2016 წელს რიოში ჰქონდა ოლიმპიადაზე მონაწილეობა მიღებული. მაშინდელი თამაშებისგან განსხვავებით, მარგველაშვილი გაცილებით უფრო კონცენტრირებული და ტაქტიკურად კარგად გამართული ჭიდაობდა. ისე მივიდა ფინალამდე, შეცდომები თითქმის არ დაუშვია ჩვენს სპორტსმენს. საფინალო გზაზე კი, ოთხ მეტოქეს სძლია. პირველად მან რუსი იაკუბ შამილოვი დაამარცხა ვაზარით, მომდევნო ეტაპზე, ბარუჩ შმაილოვი (ისრაელი) დააიპონა სამ წუთში. ნახევარფინაში გადასულს, შავდათუაშვილის დარად, მეტოქედ მასაც ტიტულოვანი კორეელი ბაულ ანი ჰყავდა, თუმცა ქართველი ფალავანის მაქსიმალურმა მონდომებამ და ბრძოლამ შედეგი გამოიღო და 7 წუთი ჭიდილი ბოლოს ვაჟას მიერ შესრულებული ვაზარით და შესაბამისად, გამარჯვებით მილია.
ოქროს მედლისთვის მარგველაშვილს იაპონელთა მსოფლიოს ორგზის ჩემპიონი ჰიფუმი აბე ჰყავდა მეტოქედ. დაუძლეველი აღმოჩნდა მისთვის მრისხანე იაპონელის ბარიერი, თუმცა, მხოლოდ ვაზარით, მაგრამ მაინც აჯობა აბემ ვაჟას და თავად პირველი ოქრო აიღო ოლიმპიადაზე, ხოლო ქართველ მოწინააღმდეგეს პირველი ვერცხლი არგუნა ესოდენ მნიშვნელოვან შეჯიბრებაზე.