საზოგადოება
30.07.2021 19:19
ამერიკელი ექიმი, კრიტიკული მედიცინისა და პულმონოლოგიის დოქტორი, პროფესორი ხავიერ პერეს-ფერნანდესი კოვიდის მართვის პროცესს გორში გაეცნო

მნიშვნელოვანია ვაქცინაციის მასიური კამპანიები და კიდევ უფრო აქტიური მოწოდება აცრისკენ, რათა დავიცვათ თავი. მძიმე შედეგის დადგომა ბევრად უფრო ნაკლებია ვაქცინირებულებთან, ვიდრე არავაქცინირებულ პაციენტებში, - ამის შესახებ ამერიკელმა ექიმმა ხავიერ პერეს-ფერნანდესმა განაცხადა. კრიტიკული მედიცინისა და პულმონოლოგიის დოქტორი, პროფესორი ფერნანდესი კოვიდის მართვის პროცესს გორში, ,,გორმედის“ ქსელში გაეცნო და ქართველ კოლეგებთან სამუშაო შეხვედრა გამართა.

,,ორი დღეა საქართველოში ვიმყოფები. პანდემიის მიმართულებით საქართველოში იგივე სურათია ამ ეტაპზე, როგორც დანარჩენ მსოფლიოში, მნიშვნელოვნად იზრდება ინფიცირების რიცხვი. ზოგიერთ ქვეყანაში არის მეოთხე ტალღა, ხოლო ზოგ ქვეყანაში კი უკვე მეხუთე ტალღაა.

აქ ვიმყოფებით, რომ დავეხმაროთ ჩვენს ქართველ კოლეგებს, დაინერგოს ახალი ტექნოლოგიები,  მედიკამენტი, რომელიც მძიმე პაციენტების სიცოცხლის გადარჩენაში დაეხმარება, ვმუშაობთ პროტოკოლის შემუშავებაზე.

მნიშვნელოვანია ვაქცინაციის მასიური კამპანიები და კიდევ უფრო აქტიური მოწოდება აცრისკენ, რათა დავიცვათ თავი. მძიმე შედეგის დადგომა ბევრად უფრო ნაკლებია ვაქცინირებულებთან, ვიდრე არავაქცინირებულ პაციენტებში. ძალზე მნიშვნელოვანია, რომ მოსახლეობა იყოს სრულყოფილად ინფორმირებული, იყოს ორჯერადად აცრილი და ამისათვის აუცილებლად მიმართონ შესაბამის სამედიცინო ცენტრებს, მაგალითად ,,გორმედს“, სადაც ახლა ჩვენ ვიმყოფებით“, - განაცხადა ხავიერ პერეს-ფერნანდესმა.

,,გორმედის“ ქსელის კლინიკური დირექტორის, ხათუნა შრუბის განცხადებით, სამედიცინო ქსელი მუდმივად თანამშრომლობის მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის წამყვან კლინიკებთან და ხდება ახალი ინიციატივების და მიდგომების გაზიარება.

,,გორმედში“ იმყოფება ჩვენი ამერიკელი კოლეგა, კრიტიკული მედიცინის და პულმონოლოგიის დოქტორი ბატონი ფერნანდესი, რომელმაც გამოთქვა სურვილი, რომ ჩამოსულიყო ჩვენი კლინიკების ქსელში და გაცნობოდა კოვიდის მართვის პროცესს, ვინაიდან მისთვის ცნობილი იყო, რომ პანდემიის დაწყების პერიოდიდან ჩვენ ჩართული ვართ ამ სერვისების მართვაში. ბუნებრივია, ჩვენთვისაც ძალზე მნიშვნელოვანია მათი ახალი ინიციატივების და მიდგომების გაზიარება. შედგა სამუშაო შეხვედრა, სადაც განვიხილეთ როგორც მათი, ასევე ჩვენი ხედვები, მოგეხსენებათ, თითქმის უკვე წელიწადნახევარია, ჩვენი ქსელი ჩართულია კოვიდის მართვაში და ბატონმა ფერნანდესმა აღნიშნა, რომ ეს პროცესი ,,გორმედში“ წარმატებით მიმდინარეობს.

აღნიშნულის გარდა მოგახსენებთ, რომ პანდემიის დაწყების დღიდან, ჩვენ აქტიურად ვთანამშრომლობთ როგორც თურქეთის, ასევე ევროპის წამყვანი ქვეყნების კლინიკებთან, რის საფუძველზეც, ხდება ახალი გაიდლაინების და ურთიერთგამოცდილების გაზიარება“, - აღნიშნა ხათუნა შრუბმა.

პერეს-ფერნანდესი მაიამის კრიტიკული მედიცინის სერვისების სამედიცინო დირექტორია. ამავდროულად, COVID-19 პანდემიის მართვის პროცესებში აქტიურად მონაწილეობს სწრაფი რეაგირების გუნდების ჩამოყალიბებასა და ახალი ტექნოლოგიების დანერგვაში.

კვირის ამბები