საზოგადოება
30.07.2021 14:28
„ფაიზერით“ ვაქცინაცია პოლიკლინიკურ ქსელშიც დაიწყება

დღეს არის შესაძლებლობა, რომ „ფაიზერით“ ვაქცინაცია არამხოლოდ ჰოსპიტალურ დაწესებულებებში, არამედ ამბულატორიულ დაწესებულებებშიც ჩატარდეს, - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის პირველმა მოადგილემ, თამარ გაბუნიამ განაცხადა.

მისივე თქმით, დაახლოებით 7-მა დაწესებულებამ უკვე გამოთქვა მზაობა „ფაიზერით“ ვაქცინაციის პროგრამაში ჩართვაზე.

„როგორც იცით, აქამდე „ფაიზერით“ ვაქცინაცია ჰოსპიტალურ დაწესებულებებში ტარდებოდა, დღეს კი არის იმის შესაძლებლობა, რომ „ფაიზერით“ ვაქცინაცია მისი რაოდენობიდან, მიღებული გამოცდილებიდან გამომდინარე და იმის გათვალისწინებით, რომ ვაქცინაციის შემდეგ განსაკუთრებულად სწრაფად დაფიქსირებული გვერდითი რეაქციები არის მინიმალური, შეიძლება ჩატარდეს ამბულატორიულ დაწესებულებებშიც. თბილისში არის რამდენიმე დიდი და გამოცდილი საოჯახო მედიცინის ცენტრი, რომელიც წლების განმავლობაში ბავშვთა ვაქცინაციის პროცესს ატარებს. ასე რომ, ექსპერტების ჯგუფმა და უწყებათა საკოორდინაციო საბჭოს წევრებმა სავსებით მისაღებად მიიჩნიეს ის ფაქტი, რომ „ფაიზერით“ ვაქცინაცია უკვე პოლიკლინიკურ ქსელშიც დაიწყოს. ამასთან დაკავშირებით სამინისტროს აქვს კონსულტაციები, დაახლოებით 7-მა დაწესებულებამ უკვე გამოთქვა მზაობა „ფაიზერის“ ვაქცინაციის პროგრამაში ჩართვაზე და ეს მოგვცემს იმის საშუალებას, რომ ქსელი კიდევ უფრო გაფართოვდეს და განვითარდეს“, - განაცხადა გაბუნიამ.

კვირის ამბები