,,თავისუფლება ვაჟა გაფრინდაშვილს! ორშაბათს, 18 ნოემბერს, 12 საათზე, ,,გორმედის“ ქსელის კლინიკების - გორის საუნივერსიტეტო კლინიკის, დედათა და ბავშვთა სამედიცინო ცენტრ ,,იავნანას“, ქარელის ცენტრალური საავადმყოფოს და ხაშურის კლინიკური საავადმყოფოს მედპერსონალი თეთრხალათიანთა აქციას უერთება და სამედიცინო დაწესებულებების წინ 5 წუთის განმავლობაში, ყველა ერთად დგომით, პროტესტს გამოხატავს საოკუპაციო ხაზთან ცნობილი ექიმის უკანონოდ დაკავების გამო და ყველა ერთად მოითხოვს ცნობილი ქართველი ექიმის, ტრავმატოლოგ-ორთოპედის გათავისუფლებას ცხინვალის საპატიმროდან", - აღნიშნულია ,,გორმედის" ადმინისტრაციის განცხადებაში.
საოკუპაციო ხაზთან დაკავებული ცნობილი ექიმის, ვაჟა გაფრინდაშვილის მიმართ დე ფაქტო რეჟიმის წარმომადგენლებმა სისხლის სამართლის საქმე აღძრეს. თბილისის ცენტრალური საავადმყოფოს ორთოპედ-ტრავმატოლოგს ე.წ. საზღვრის უკანონო კვეთას ედავებიან. დე ფაქტო რეჟიმის წარმომადგენლების განცხადებით, გაფრინდაშვილმა მიზანმიმართულად გადაკვეთა ე.წ. სახელმწიფო საზღვარი.