საზოგადოება
30.07.2021 13:06
გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლებში პროექტის - „ლიტერატურა ოკუპაციის წინააღმდეგ“ - ფარგლებში კულტურული ღონისძიებები ჩატარდება

გორის მუნიციპალიტეტში, გამყოფი ხაზის მიმდებარე დასახლებებში ლიტერატურული, სახელოვნებო და შემეცნებითი ღონისძიებები ჩატარდება. ღონისძიების ორგანიზატორი ილია ჭავჭავაძის საქველმოქმედო ფონდია, ხოლო მხარდაჭერას საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრო და გორის მუნიციპალიტეტის მერია გაუწევს.

როგორც კულტურის სამინისტროში აღნიშნავენ, ღონისძიებები პროექტის - „ლიტერატურა ოკუპაციის წინააღმდეგ“ ფარგლებში დაიგეგმა და საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის 30 წლისთავს მიეძღვნება.

პირველი აქტივობა დღეს, 18:00 საათზე, სოფელ ტირძნისის სკოლის ეზოში გაიმართება, შემდგომ ღონისძიებებს კი, ხვალ, 31 ივლისს, 18:00 საათზე - სოფელ ტყვიავის მთავარი სკვერი და 8 აგვისტოს, 18:00 საათზე - კარალეთის დევნილთა დასახლებაში მდებარე მთავარი სკვერი უმასპინძლებს.

ღონისძიებების ფარგლებში დაგეგმილია თეატრალიზებული კოსტიუმირებული პერფორმანსი მსახიობების მონაწილეობით; საჯარო ლექცია - „ანექსია-ოკუპაცია - 9 აპრილი - მწერლობის რეფლექსია ისტორიაზე“; ლიტერატურული ინტერმედია „25 თებერვალი - 9 აპრილი“; ასევე, შეხვედრა მწერალებთან - თანამედროვე ავტორები ოკუპაციის შესახებ.

კულტურის სამინისტროს ცნობით, ღონისძიებები რეგულაციების სრული დაცვით, ღია ცის ქვეშ გაიმართება და მათზე დასწრება თავისუფალია.

კვირის ამბები