2008 წლის ომის შედეგად გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლებში დაზარალებული მოსახლეობის საჭიროებებზე რეაგირების დროებითი სამთავრობო კომისიის 22-ე სხდომა გორში გაიმართა.
სხდომას რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი, შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი და საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის რეგიონებთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსი უძღვებოდნენ,
განიხილეს პრემიერ-მინისტრის ინიციატივა და მიიღეს გადაწყვეტილება, რომ დაიწყოს გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ზარდიანთკარში მოსახლეობის დაბრუნების მიზნით, 2008 წელს დაზიანებული საცხოვრებელი სახლების რეაბილიტაცია.
რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ინფორმაციით, გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლებში არსებული საჭიროებების განხილვასთან ერთად, კომისიამ მოისმინა ინფორმაცია სოფლებში 2020 წლის განმავლობაში განხორციელებული ღონისძიებების შესახებ. უწყების ცნობით, სხვა ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელების პარალელურად, სკოლების ინფრასტრუქტურის განვითარების მიზნით, 2 მილიონი ლარზე მეტი მოხმარდა სოფლების სკოლის რეაბილიტაციის 30 პროექტს; დასრულდა გორის მუნიციპალიტეტის სოფელ მეჯვრისხევის და კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ კოდისწყაროს სკოლების პროექტირება-მშენებლობა; დაიწყო გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ქერეს საჯარო სკოლის მშენებლობა, ასევე
საბავშვო ბაღების ინფრასტრუქტურის განვითარების მიზნით, 2020 წელს დაიწყო გორის მუნიციპალიტეტის სოფელ მეღვრეკისის და სოფელი მეჯვრისხევის საბავშვო ბაღების მშენებლობა.
კასპის მუნიციპალიტეტში დასრულდა ახალი პროფესიული კოლეჯის მშენებლობა, მიმდინარეობს სამშენებლო სამუშაოები ხაშურში ახალი კოლეჯის განვითარების მიზნით, რაც გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლებში მცხოვრები პირებისათვის პროფესიული განათლების მიღებას კიდევ უფრო ხელმისაწვდომს გახდის.
გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლებში დაზარალებული სტუდენტების სწავლის დაფინანსების პროგრამის ფარგლებში 2019-2020 სასწავლო წელს სულ 4 834 500 ლარით დაფინანსდა 2 408 სტუდენტი (2 107 ბაკალავრი, 301 მაგისტრი).
2020-2021 წლების ზამთრის პერიოდში გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლებში მცხოვრები 13 975 ოჯახის გათბობით უზრუნველყოფას საქართველოს სახელმწიფოს ბიუჯეტიდან მოხმარდა 2 795 000 ლარი.
შეგახსენებთ, გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლებში დაზარალებული მოსახლეობის საჭიროებებზე რეაგირების დროებითი სამთავრობო კომისია 2013 წლის 4 ოქტომბერს შეიქმნა. გამყოფი ხაზის მიმდებარეს სტატუსი მინიჭებული აქვს აქვს 116 სოფელს, საიდანაც 80 მაღალმთიანი დასახლებაა.