2021 წელს საქართველოში ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები იმართება. საკრებულოებისა და მერების მორიგ არჩევნებს საქართველოს პრეზიდენტი, პრემიერ-მინისტრის თანახელმოწერით, არჩევნებამდე 60 დღით ადრე, 3 აგვისტოს დანიშნავს.
კანონმდებლობის შესაბამისად, საკრებულოებისა და მერების მორიგი არჩევნების დროდ საარჩევნო წლის ოქტომბრის პირველი შაბათი განისაზღვრა - 2 ოქტომბერი. შესაბამისად, წინასაარჩევნო კამპანია ოფიციალურად 3 აგვისტოდან დაიწყება.
წინასაარჩევნო კამპანიის პერიოდში პოლიტიკურ პარტიას, საარჩევნო სუბიექტობის კანდიდატს, საარჩევნო სუბიექტს უფლება აქვთ, დაამზადონ წინასაარჩევნო მოწოდებები, განცხადებები, წარწერები, ფურცლები, ფოტომასალები და სხვა. აკრძალულია მათი გავრცელებისათვის ხელის შეშლა და ჩამორთმევა, აგრეთვე სააგიტაციო დანიშნულების ავტოსატრანსპორტო და სპეციალური მოწყობილობით აღჭურვილი სხვა საშუალებების ჩამორთმევა და წინასაარჩევნო აგიტაციის მიზნით მათი გამოყენებისათვის ხელის შეშლა.
წინასაარჩევნო კამპანიის პერიოდში მუნიციპალიტეტის ორგანოები ვალდებულები არიან, რომ ხელი შეუწყონ პოლიტიკურ პარტიებს, საარჩევნო სუბიექტებს ამომრჩეველთან შეხვედრებისა და კრებების, საჯარო დებატებისა და დისკუსიების, შეკრებებისა და მანიფესტაციების ორგანიზებასა და ჩატარებაში, უზრუნველყონ ამ ღონისძიებების უსაფრთხოება.
აკრძალულია სახელმწიფო ბიუჯეტის/მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის დაფინანსებით ორგანიზებულ ღონისძიებაზე, პრეზენტაციაზე ორგანიზატორის მიერ წინასაარჩევნო აგიტაციის გაწევა, რაც ჩაითვლება ქმედება ადმინისტრაციული რესურსების გამოყენებად.