ტოკიოს ოლიმპიურ თამაშებზე 4 გორელი სპორტსმენიდან ორმა ძიუდოისტმა - ლაშა შავდათუაშვილმა და ვაჟა მარგველაშვილმა ასპარეზობა ვერცხლის მედლებით დაასრულეს, წინ კი, კიდევ ორი გორელი სპორტსმენის - თავისუფალი სტილის მოჭიდავე გენო პეტრიაშვილის და მძლეოსან გიორგი მუჯარიძის ასპარეზობებია.
3 აგვისტოს უწევს ასპარეზობა გორელ მძლეოსანს, ბირთვის მკვრელ გიორგი მუჯარიძეს. ძიუდოს, თავისუფალი ჭიდაობის და კრივის გარდა, გორის სპორტის ისტორიას, სხვა სახეობის წარმომადგენელი ოლიმპიელი არ ჰყოლია და ამიტომ, მუჯარიძის მხოლოდ მონაწილეობაც კი, ამ უმნიშვნელოვანეს სპორტულ ფორუმზე უკვე მნიშვნელოვანი წარმატებაა.
მუჯარიძე გორის შოთა ჩოჩიშვილის სახელობის კომპლექსური სპორტული სკოლის მძლეოსნობის მწვრთნელის, გივი იაზბარიანის აღმოჩენილია, პირველი ნაბიჯები ამ სახეობაში და პირველი გამარჯვებებიც გიორგიმ სწორედ იაზბარიანის ხელმძღვანელობით მოიპოვა. შემდეგ გადავიდა თბილისში, სადაც მწვრთნელ დავით მანთიძის ხელმძღვანელობით განაგრძო მზადება და აგერ, ოლიმპიადის კარიც შეაღო. სამწუხაროა, რომ გივი იაზბარიანი, რომელიც წლეულს იანვარში გარდაიცვალა, ვერ მოესწრო თავისი შეგირდის ოლიმპიელობას.
3 აგვისტოს საკვალიფიკაციო ეტაპის წარმატებით დაძლევის შემთხვევაში, მუჯარიძე 5 აგვისტოს ფინალურ ბლოკში გამოვა.
ასევე 5 აგვისტოს დადგება საჭიდაო ხალიჩაზე კიდევ ერთი სახელოვანი ფალავანი, თავისუფალი სტილის მოჭიდავე გენო პეტრიაშვილი (მძიმე წონა). პეტრიაშვილი მეორედაა ოლიმპიადაზე. მისი დებიუტი ოლიმპიურ თამაშებზე 2016 წელს შედგა რიო-დე-ჟანეიროში და მაშინდელი ასპარეზობა ბრინჯაოს მედლით დასრულდა.
რიოს შემდეგ, პეტრიაშვილმა სამჯერ გამართულ მსოფლიოს ჩემპიონატზე ზედიზედ სამი ოქროს მედალი დაისაკუთრა. ტოკიოში მისი უმთავრესი კონკურენტი თურქი ტაჰა აკგულია. მსოფლიოს საჭიდაო სამყაროს სპეციალისტები თანხმდებიან, რომ ოლიმპიური ჩემპიონობისთვის ჭიდილში, მძიმე წონაში გენო პეტრიაშვილი და ტაჰა აკგული არიან მთავარი ფავორიტები.
5 აგვისტოს დილის 6:30 სთ-ზე დაწყებული პაექრობები მძიმე წონაში ნახევარფინალური ეტაპის შემდეგ შეწყდება და ფინალური ბლოკი მომდევნო დღეს, 6 აგვისტოს გაიმართება ასევე გამთენიიდან.