საზოგადოება
29.07.2021 11:11
რა შემთხვევაში არ უნდა აიცრათ კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინით - ბიძინა კულუმბეგოვის რეკომენდაციები

მას შემდეგ, რაც საქართველოში კოვიდ 19-ის საწინააღმდეგო ვაქცინაცია დაიწყო, არაერთი პირისგან მოისმენთ, რომ ალერგიული ფონის გამო არ იცრება. საფუძვლიანია თუ არა ვაქცინაზე უარის თქმის ეს მიზეზი, რა ტიპის ალერგია წარმოადგენს აცრაზე უკუჩვენებას, - ამ და სხვა მნიშვნელოვან კითხვებზე ალერგოლოგ-იმუნოლოგი ბიძინა კულუმბეგოვი სოციალურ ქსელ ,,ფეისბუქის’ სააკუთარ გვერდზე აქვეყნებს რეკომენდაციებს.
,,ვაქცინაციასთან დაკავშირებული დიდი რაოდენობით კითხვები შემოდის.ძირითადი კითხვების შინაარსი ერთია, შეიძლება თუ არა სხვადასხვა დაავადების დროს ვაქცინაციის ჩატარება. შევეცდები აქვე გავცე ამ კითხვებს პასუხი.

* აცრა კატეგორიულად არ შეიძლება ნებისმიერი მწვავე დაავადების ან ქრონიკული დაავადების გამწვავების დროს!

აცრა კატეგორიულად არ შეიძლება თუ ვაქცინის პირველ დოზაზე განვითარდა ანაფილაქსია ან ვაქცინაში შემავალ კომპონენტებზე (პოლიეთილენგლიკოლი-ფაიზერი, პოლისორბატი - ,,ასტაზენეკა", ალუმინის ჰიდროქსიდი - ,,სინოფარმი" და სინოვაკი) უკვე თქვენთვის ცნობილია რომ გაქვთ ალერგია. სხვა ყველა ალერგიული დაავადება (თუ ის გამწავებული არაა) კოვიდ-19 ვაქცინაციის წინაღობას არ წარმოადგენს!

* ორსულობის და ლაქტაციის დროს დაშვებულია ,,ფაიზერი" (ამ ეტაპზე უკუნაჩვენებია სინოფარმი/სინოვაკი).

* თუ დაგეგმილი ვაქცინის წინ შემთხვევით აღმოჩნდით კოვიდინფიცირებულის პირდაპირი კონტაქტი, მაშინ, ამერიკის დაავადებათა კონტროლის ცენტრი რეკომენდაციას იძლევა, ვაქცინა გადავადდეს თვითიზოლაციის დასრულებამდე.

* ნევროლოგიური, კარდიოლოგიური, ანტიალერგიული და ა.შ, მედიკამენტების შეჩერება აუცილებელი არაა აცრის წინ!

* ყველა ქრონიკული დაავადება, როგორიცაა დიაბეტი, გადატანილი ინსულტი, ინფარქტი, სიმსივნე, ასთმა, თირკმლის პათოლოგიები, ფსორიაზი, ვენური დაავადება და ასე შემდეგ, არ წარმოადგენს აცრის უკუჩვენებას, პირიქით ასეთი ადამიანების აცრა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია!

* აცრის წინ და მის შემდეგ არანაირი ანალიზის (სისხლის საერთო, კოაგულოგრამა, ანტისხეულებზე ტესტი...) გაკეთება არ გჭირდებათ!

* არასოდეს აცრა არ გამიკეთებია და როგორ მოვიქცე? ეს არაა კოვიდის საწინააღმდეგო ვაქცინის უკუჩვენება და ზედმეტი ემოციის გარეშე აიცერით.

* ცოფის, ტეტანუსის და სხვა ვაქცინების გამოყენების შემდეგ კოვიდის საწინააღმდეგო აცრა შეიძლება გაკეთდეს 14 დღეში“, - წერს ბიძინა კულუმბეგოვი.

კვირის ამბები