საავადმყოფოებში გაჩერდა ე.წ. გეგმური სერვისები და ჯანდაცვის სამინისტროს გადაწყვეტილებით, საქართველოში მოქმედი სამედიცინო დაწესებულებები ურგენტულ სერვისებზე გადადიან, - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორმა ამირან გამყრელიძემ განაცხადა.
„ჯერჯერობით ჯანდაცვის სისტემა ამჟამად არსებულ დაწოლას უძლებს. რთულია, თუმცა, ჯერჯერობით, საწოლფონდთან დაკავშირებით, რესურსი ჯანდაცვის სისტემას აქვს. დაძაბულობაა სასწრაფოს გამოძახების, იგივე მოთავსებასთან დაკავშირებით, განსაკუთრებით თბილისში, მაგრამ ყოველდღიურად ახალი საწოლების რაოდენობა ემატება სხვადასხვა კლინიკაში. გუშინ ჯანდაცვის მინისტრის მითითებით გაჩერდა ე.წ. გეგმური სერვისები საავადმყოფოებში და საავადმყოფოები ურგენტულ სერვისებზე გადადიან და შესაბამისად მოხდება საწოლფონდის კიდევ უფრო გამოთავისუფლება“, - განაცხადა გამყრელიძემ.
შეგახსენებთ, გასულ წელს, პანდემიის გავრცელების პიკის პერიოდში, ჯანდაცვის სამინისტრომ ანალოგიური გადაწყვეტილება მიიღო და ურგენტული (სასწრაფო, გადაუდებელი) სერვისების გარდა, საავადმყოფოებში გეგმური სერვისები გაჩერდა.