საზოგადოება
26.07.2021 14:12
ჩემი თანატოლების დიდი ნაწილი მიიჩნევს, რომ არ არის საჭირო ვაქცინაცია, მე ვფიქრობ, აცრა ყველამ უნდა გავიკეთოთ - გიორგი გახელაძე, 20 წლის სპორტსმენი

,,მე ვფიქრობ, კოვიდის საწინააღმდეგო აცრა ყველამ უნდა გავიკეთოთ, ყველა ერთად უნდა შევერკინოთ ამ პანდემიას იმისთვის, რომ შევაჩეროთ ვირუსის გავრცელება, რომ უფრო ნაკლები ინფიცირებული და ნაკლები გარდაცვლილი იყოს“ - განაცხადა 20 წლის სპორტსმენმა, მოტოციკლით ,,ჰარდ ენდუროს“ ტიპის საერთაშორისო ასპარეზობების არაერთგზის პრიზიორმა გიორგი გახელაძემ, რომელიც კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინით დღეს გორში, კლინიკა ,,გორმედში“ აიცრა.

,,გადავწვიტე, ჩამეტარებინა კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაცია ,,ფაიზერით“ და რადგან თბილისში თავისუფალი ადგილები აღარ იყო, დავრეგისტრირდი გორში, კლინიკა ,,გორმედში“. უკვე ჩამიტარდა აცრა, თავს კარგად ვგრძნობ. მოგიწოდებთ ყველას, აიცრათ. მე კორონავირუსი გადატანილი არ მაქვს და ვაქცინაცია გადავწყვიტე, რომ უსაფრთხოდ ვიყო. ჩემი თანატოლების დიდი ნაწილი მიიჩნევს, რომ არ არის საჭირო ვაქცინაცია, თუმცა, მე ვფიქრობ, რომ კოვიდის საწინააღმდეგო აცრა ყველამ უნდა გავიკეთოთ, ყველა ერთად უნდა შევერკინოთ ამ პანდემიას იმისთვის, რომ შევაჩეროთ ვირუსის გავრცელება, რომ უფრო ნაკლები ინფიცირებული და ნაკლები გარდაცვლილი იყოს. აქვე გეტყვით, რომ აუცრელობის გამო, ხელი შემეშალა არაერთ ტურნირზე მონაწილეობაში, გამოვტოვე რამდენიმე საერთაშორისო შეჯიბრი“, - აცხადებს გიორგი გახელაძე.

გასულ წელს, რუმინეთის ქალაქ სიბიუში გამართული ჰარდ ენდურო ტიპის შეჯიბრებაზე Red Bull Romaniacs, რომელიც აღიარებულია ყველაზე რთულ შეჯიბრად, ახალგაზრდა ქართველმა მოტომრბოლმა პირველად გადალახა შეჯიბრების ყველაზე რთული, ოქროს კლასის დაბრკოლებები და პროფესიონალ მოტომრბოლელებს შორის საპრიზო ადგილიც დაიკავა. 

Red Bull Romaniacs-ის გარდა, გიორგი გახელაძე მონაწილეობს World Enduro Super Series შეჯიბრებებში ავსტრიაში, პოლონეთში, თურქეთში, პორტუგალიაში.

20 წლის სპორტსმენი მიმდინარე სეზონზე 5 სხვადასხვა საერთაშორისო შეჯიბრზე გამოსვლას გეგმავს.
შეგახსენებთ, „ფაიზერით“ ვაქცინაცია საქართველოში დაშვებულია 16 წლის და ზემოთ ასაკის პირებისთვის.

კვირის ამბები