საზოგადოება
26.07.2021 13:17
არაერთხელ მოგიწოდეთ, რომ დაგვეცვა ჩვენი შვილები და დღეს უკვე უამრავი ინფიცირებული ბავშვი გვყავს. კიდევ ერთხელ გთხოვთ ყველას, აიცერით - ხათუნა შრუბი

კოვიდპაციენტების მომართვა მზარდია, საკმაოდ მძიმე პაციენტები არიან, შემოდიან უკვე გართულებული მდგომარეობით, - ამის შესახებ ,,გორმედის“ ქსელის კლინიკურმა დირექტორმა ხათუნა შრუბმა განაცხადა. შრუბის ინფორმაციით, გორის კლინიკის კოვიდსტაციონარში აჟამად 62 პაციენტს უტარდება მკურნალობა, ქარელში კი - 33-ს.

,,კოვიდპაციენტების მომართვა მზარდია, ამჯერად „გორმედში“ 62 სტაციონარულ პაციენტს უტარდება მკურნალობა, ქარელში კი კოვიდსტაციონარში 33 პაციენტი გვყავს, ბოლო დღეების განმავლობაში კოვიდშემთხვევების მკვეთრი მატება ფიქსირდება. რაც შეეხება პაციენტების მდგომარეობას, საკმაოდ მძიმე პაციენტები არიან, შემოდიან უკვე გართულებული მდგომარეობით.

კიდევ ერთხელ ვიტყვი, რომ გამოსავალი მხოლოდ ვაქცინაციაა, მოვუწოდებ მოსახლეობას, რომ  დარეგისტრირდნენ და ჩაიტარონ აცრები. გული მწყდება, რომ თუნდაც სამედიცინო პერსონალში პასიურობა შეინიშნება. რომ იყოს სხვა ალტერნატივა, კი ბატონო, არჩევანს გავაკეთებდით, მაგრამ ამ ეტაპზე ვაქცინაციის გარდა, სხვა გამოსავალი არ არის, ამიტომ მაქსიმალურად უნდა ავიცრათ ყველა. არაერთხელ მოგიწოდეთ, რომ დაგვეცვა ჩვენი შვილები, ბავშვები და დღეს უკვე უამრავი ინფიცირებული ბავშვი გვყავს. ამიტომ, კიდევ ერთხელ გთხოვთ ყველას, აიცერით“, - განაცხადა ,,გორმედის“ კლინიკურმა დირექტორმა.

შეგახსენებთ, „ფაიზერით“ ვაქცინაციის პროცესი დღეიდან გორის ორ სამედიცინო დაწესებულებაში - სამხედრო ჰოსპიტალსა და „გორმედში“ დაიწყო. შიდა ქართლს ვაქცინა ,,ფაიზერის" 2 160 დოზა გადაეცა.

სამედიცინო ქსელ ,,გორმედში“ დღეს ,,ფაიზერით“ ვაქცინაციაზე 145 მოქალაქეა დარეგისტრირებული.

კვირის ამბები