საზოგადოება
26.07.2021 13:03
სამედიცინო ქსელ ,,გორმედში“ დღეს ,,ფაიზერით“ ვაქცინაციაზე 145 მოქალაქეა დარეგისტრირებული

„ფაიზერით“ ვაქცინაციის პროცესი გორის ორ სამედიცინო დაწესებულებაში - სამხედრო ჰოსპიტალსა და „გორმედში“ დღეიდან დაიწყო. შიდა ქართლს ვაქცინა ,,ფაიზერის" 2 160 დოზა გადაეცა.

სამედიცინო ქსელ ,,გორმედში“ დღეს ,,ფაიზერით“ ვაქცინაციაზე 145 მოქალაქეა დარეგისტრირებული.

,,როგორც იცით, „გორმედის“ ქსელი თავიდანვე ჩართულია ვაქცინაციაში და აცრები ამჟამადაც გრძელდება უწყვეტ რეჟიმში. ჩვენთან, ,,გორმედის“ ქსელის გორის საუნივერსიტეტო კლინიკაში მოქმედებს ხუთი კაბინეტი, რომელიც ემსახურება ვაქცინაციას, ეს არის „სინოფარმის“ ვაქცინაცია და დღეიდან დაიწყო „ფაიზერით“ აცრები.

„ფაიზერით“ აცრა ხორციელდება ორ კაბინეტში, როგორც პერსონალი, ისე კლინიკა, სრულადაა მობილიზებული. ჯავშნები გაკეთებულია და პირველი დღისთვის 145 ადამიანია დარეგისტრირებული. ნახევარზე მეტი აიცრა და დანარჩენსაც ველოდებით დღის მეორე ნახევრისთვის.

რაც შეეხება ქარელს, ქარელშიც იგივე ტემპით მიმდინარეობს ვაქცინაცია, იქაც ორი კაბინეტით ვემსახურებით, იქაც დაკავებულია ყველა ადგილი“, - განაცხადა ხათუნა შრუბმა.

კვირის ამბები