ჩემი სურვილია, ყველა სოფელში ეტაპობრივად ჩავიტანოთ ვაქცინები, რათა მოსახლეობას ადგილზე ჰქონდეს აცრის ჩატარების შესაძლებლობა, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა.
პრემიერის თქმით, ამ საკითხზე ჯანდაცვის სამინისტრო აქტიურად მუშაობს.
„ჩემი სურვილია, რა თქმა უნდა, ყველა მუნიციპალიტეტში, მაგრამ მინდა, ყველა სოფელში ეტაპობრივად ჩავიტანოთ ვაქცინები, რათა მოსახლეობას ადგილზე ჰქონდეს შესაძლებლობა, ჩაიტარონ აცრები. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი. ჩემი დავალებით, ბოლო რამდენიმე დღეა, ამ საკითხთან დაკავშირებით აქტიურად მუშაობს ჯანდაცვის სამინისტრო“, - აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა.
მთავრობის მეთაურმა კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი ვაქცინაციის მნიშვნელობას და მოსახლეობას მოუწოდა, ვაქცინების სანდოობასთან დაკავშირებით დაეყრდნონ მეცნიერების შეფასებებს და არა სხვადასხვა საშუალებით გავრცელებულ დეზინფორმაციას.