ცნობილი ექიმის, ტრავმატოლოგ-ორთოპედ ვაჟა გაფრინდაშვილის საოკუპაციო ხაზთან დაკავებას სოციალურ ქსელში საკმაოდ დიდი გამოხმაურება მოჰყვა. ექიმები და საზოგადოების სხვა წარმომადგენლები შეშფოთებას გამოთქვამენ მომხდარი ფაქტის გამო და უკანონოდ დაკავებული ექიმის დაუყოვნებლივ გათავისუფლებას ითხოვენ.
ერთ-ერთი მათგანი ,,გორმედის" ქსელის ტრავმატოლოგიური დეპარტამენტის ხელმძღვანელი დავით ღვინიაშვილია, რომელმაც სოციალურ ქსელ ,,ფეისბუქის" საკუთარ გვერდზე ვრცელი განცხადება გამოაქვეყნა.
არასოდეს ცხოვრებაში!!!
გუშინ, ,,გორმედის" სამედიცინო ქსელის და გორის ტრავმატოლოგ-ორთოპედთა სახელით გავავრცელეთ განცხადება, რომელშიც გამოთქმული იყო ჩვენი კოლეგის, ბატონ ვაჟა გაფრინდაშვილის უკანონო დაკავებასთან დაკავშირებით გამოთქმული პროტესტი.
გუშინდელ დღესვე პროფესიული საქმიანობიდან გამომდინარე მოგვიწია ცხინვალის იზოლატორიდან გათავისუფლებულ ადამიანებთან გასაუბრება. მათი თქმით საქმე არის შემდეგში: ერთადერთ რამეს ითხოვენ ოკუპანტები და ოსი სეპარატისტები ვაჟა გაფრინდაშვილისაგან - აღიაროს საზღვრის გადაკვეთა, რაზედაც ბატონი ვაჟა კატეგორიულ უარს აცხადებს და ამბობს, რომ იმყოფება საქართველოში, ქართულ მიწაზე. ვერ გაჭრა თურმე ვერც ქართველ თანასაკნელთა ხვეწნამ და შეგონებამ.
შორს წასვლა საჭირო აღარ არის, აგერ უახლოესი ისტორიის გმირული მაგალითები გვაქვს თვალწინ, რომელი ერთი ჩამოვთვალოთ - გურამ გაბისკირია, გიორგი ანწუხელიძე, არჩილ ტატუნაშვილი...
არასოდეს ცხოვრებაში!!! - სოხუმის მერის მიერ წარმოთქმული ეს სიტყვები ყველა ქართველს უნდა ახსოვდეს, ყველა ქართველს და ყველა ხელისუფალს, ყველა პოლიტიკოსსა და საზოგადო მოღვაწეს. აღარ სცალიათ, სამწუხაროდ, რუსთაველის გამზირზე აქვთ ერთმანეთთან საქმეები გასარკვევი, ე.წ. დროებითი მთავრობის ჩამოყალიბებით არიან დაკავებულები. გახარებულები არიან, ცქმუტავენ, როლში შევიდნენ აშკარად... ქაცარავა და მისი რაზმი, აგრეთვე ის შარვალჩახდილებიც აღარსად ჩანან. ადვილად იშიფრება ხოლმე გულწრფელი ყალბისაგან...
ასეა თუ ისე, ბატონი ვაჟა კვლავ ოკუპანტების ტყვეობაში იმყოფება და არ ჩანს სამწუხაროდ ქმედითი ნაბიჯები და პროტესტი, რომელიც ღიად უნდა გამოხატოს ხელისუფლებამ, აქტიურად უნდა იყვნენ ჩართულები საერთაშორისო ორგანიზაციები და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები. საქმე გვაქვს ძალიან ცნობილი, კარგი ექიმის, ღირსეული ქართველის უკანონო ტყვეობასთან. არ უნდა გვქონდეს მხოლოდ ოკუპანტების და სეპარატისტების ,,კეთილგონიერების" იმედი, არ იციან, რომ ექიმი ომის დროსაც ექიმია (ამის მაგალითად 2008 წლის ომის დროს დაბომბილი გორის ჰოსპიტალი და დაღუპული გმირი ექიმი გიორგი აბრამიშვილიც კმარა).
ძვირფასო კოლეგებო, მეგობრებო, მოგიწოდებთ შევიკრიბოთ, გავერთიანდეთ და ერთად გამოვხატოთ მრავალრიცხოვანი პროტესტი თუნდაც ე.წ. საოკუპაციო ზოლთან ახლოს, რომელიც გაშუქდება როგორც ჩვენი ქვეყნის, აგრეთვე საერთაშორისო მედიასაშუალებებითაც.
(ერთმანეთთან დაკავშირება და კოორდინაციას მარტივად მოვახერხებთ ტელეფონებით და სოციალური ქსელების საშუალებით)!!! - წერს დავით ღვინიაშვილი სოციალურ ქსელში.