ჩვენი ქვეყანა ვეღარ გაუძლებს ახალ ჩაკეტვას - არც „ლოკდაუნი“ და არც შეზღუდვები არ იქნება გამართლებული, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა.
როგორც ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე განმარტა, მთავრობამ სხვა გზა - პანდემიის მართვა აირჩია და არსებული მდგომარეობის გათვალისწინებით, შეზღუდვები გამართლებული არ იქნება, ვინაიდან ეს ქვეყნის ეკონომიკას დააზიანებს.
„ბევრი საუბარია ბოლო დროს, კითხვებიც დაისვა, ხომ არ მოხდება ხელახალი ჩაკეტვა და ა.შ. მე მინდა განვაცხადო, რომ ჩვენ ავირჩიეთ სხვა გზა, ეს არის მართვის გზა, ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ ვმართოთ ეფექტიანად ზოგადად, ეპიდემია. ჩვენი ქვეყანა ვეღარ გაუძლებს ახალ ჩაკეტვებს, არც „ლოკდაუნი“, არც შეზღუდვები არ იქნება გამართლებული, უფრო მეტიც, ეს იქნება დამაზიანებელი ჩვენი ქვეყნის ეკონომიკისთვის, ეს გამოიწვევს იმას, რომ დამატებით უნდა ავიღოთ ჩვენ რამდენიმე მილიარდი დოლარი, თუ ლარი ვალის სახით, რაც რა თქმა უნდა, შემდეგ გახდება ჩვენი მოქალაქეების გადასახდელი. ამიტომ, მეგობრებო და ძვირფასო მოქალაქენო, ეს რომ არ განმეორდეს და ამის გაკეთება რომ არ მოგვიწიოს, გთხოვთ ყველას, რომ ჩავიტაროთ ვაქცინაცია, რომელიც არის უსაფრთხო და კიდევ ერთხელ მინდა გავიმეორო, რომ ჩვენ უნდა დავუჯეროთ მეცნიერებს და არა, „ფეისბუქის“ და სხვადასხვა საშუალებებით გავრცელებულ ათას დეზინფორმაციას და ტყუილს“, - განაცხადა ღარიბაშვილმა.
როგორც პრემიერმა განმარტა, წელს ქვეყნის ბიუჯეტი მილიარდი ლარით გაიზარდა და ქვეყანას სესხი არ აუღია.