კორონავირუსის საწინააღმდეგო ,,ფაიზერის“ ვაქცინის 2 160 დოზა გადაეცა შიდა ქართლს. რეგიონში მოქმედი ვაქცინაციის 5 ლოკაციიდან ,,ფაიზერით“ აცრები განხორციელდება მხოლოდ ორ სამედიცინო დაწესებულებაში - ,,გორმედის“ გორის საუნივერსიტეტო კლინიკასა და გ. აბრამაშვილის სახელობის გორის სამხედრო ჰოსპიტალში.
სსიპ ლ. საყვარელიძის სახელობის დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის საზოგადოებრივი ჯანდაცვის სახელმწიფო პროგრამების და რეგიონული მართვის დეპარტამენტის შიდა ქართლის განყოფილების უფროსის, ეკა ქორჩაშვილის ინფორმაციით, ,,ფაიზერით“ ვაქცინაციის დასაწყებად რეგიონი მზადაა.
,,აშშ-ის მიერ გადმოცემული ნახევარი მლნ. დოზა ,,ფაიზერიდან“ 2 160 დოზა ჩამოვიტანეთ შიდა ქართლში. რეგიონში ვაქცინაციის 5 ლოკაცია მოქმედებს, საიდანაც ,,ფაიზერით“ ვაქცინაცია მოხდება ,,გორმედის“ გორის კლინიკასა და გორის სამხედრო ჰოსპიტალში. შექმნილია ყველა პირობა, ცივი ჯაჭვის შენარჩუნებისა და ვაქცინაციის პროცესის ზედმიწევნით მაღალკვალიფიციურ დონეზე ჩასატარებლად. გადამზადებულია პერსონალი, ჩატარებულია სპეციალური ტრენინგები, ყველა ბრიგადა მზადაა ვაქცინაციის დასაწყებად. ჰოსპიტალში ამჟამად მოქმედი 6 ჯგუფიდან 4 მოემსახურება ,,ფაიზერთ“ ვაქცინაციას და ,,გორმედის“ გორის კლინიკის ვაქცინაციის 3 ბრიგადიდან ერთი მომსახურება ,,ფაიზერით“ აცრებს.
სპეციალურ პორტალზე რეგისტრაცია დაწყებულია და შეუძლიათ მოქალაქეებს, რომ დარეგისტრირდნენ, დაჯავშნონ ვიზიტი და ჩაიტარონ ვაქცინაცია“, - განაცხადა ეკა ქორჩაშვილმა.