ხალხის გულშემატკივრობა ძალიან მნიშვნელოვანია ოლიმპიადის მონაწილეთათვის, მოტივაციას აძლევს თითოეულ მათგანს და გულშემატკივრობით ჩვენი წვლილი შეგვაქვს მათ წარმატებაში, - ამის შესახებ ოლიმპიური თამაშების, მსოფლიოს და ევროპის რამდენიმე გზის ჩემპიონმა ლადო ხინჩეგაშვილმა განაცხადა.
ხინჩეგაშვილი სხვა სპორტსმენებთან, ხელისუფლებისა და საზოგადოების წარმომადგენლებთან ერთად, ტოკიოს ოლიმპიადის გახსნის ცერემონიას გორში, თეატრის სკვერში დამონტაჟებულ დიდ ეკრანზე ადევნებთა თვალს.
,,ყველას მოგეხსენებათ, რამდენად მნიშვნელოვანია ისეთი ღონისძიების გახსნა, როგორიცაა ტოკიოს ოლიმპიური თამაშები. ჩვენი რეგიონიდან 5 სპორტსმენი იღებს მონაწილეობას, მათ და ყველა ქართველ სპორტსმენს ვგულშემატკივრობთ, აქ შევიკრიბეთ, რომ ჩვენი რეგიონის სპორტსმენების მიმართ გამოვხატოთ გულშემატკივრობა და თანადგომა. იმედია, გაგვახარებენ და იმ მოლოდინებს, რაც გვაქვს, გადააჭარბებენ. საბედნიეროდ, ნამდვილად მაქვს ეს გამოცდილება, რომ ვიცოდე, რა არის გულშემატკივრობის დატვირთვა, ეს გახლავთ უმნიშვნელოვანესი, ოლიმპიადაზე გამომსვლელი ჩვენი ბიჭები სოციალური ქსელებით თვალს ადევნებენ აქ მიმდინარე მოვლენებს და მერწმუნეთ, ხალხის გულშემატკივრობა ძალიან მნიშვნელოვანია მათთვის, მოტივაციას აძლევს თითოეულ მათგანს და ასე ვთქვათ, გულშემატკივრობით ჩვენი წვლილი შეგვაქვს მათ წარმატებაში“, - აღნიშნა ლადო ხინჩეგაშვილმა.
ზაფხულის 32-ე ოლიმპიადა ტოკიოში ოფიციალურად დღეს, საქართველოს დროით 15 საათზე გაიხსნა. ტოკიოს ოლიმპიადაზე ოთხი გორელი სპორტსმენი მონაწილეობს - გენო პეტრიაშვილი (თავისუფალი ჭიდაობა), ლაშა შავდათუაშვილი (ძიუდო), ვაჟა მარგველაშვილი (ძიუდო) და გიორგი მუჯარიძე (მძლეოსნობა, ბირთვის კვრა).
მოედანზე, სადაც ოლიმპიადა გაიხსნა, წუთიერი დუმილით პატივი მიაგეს იმ ადამიანების ხსოვნას, რომლებიც პანდემიას ემსხვერპლნენ.
2020 წლის მთავარი სპორტული ღონისძიება ტოკიოში შარშან უნდა გამართულიყო, თუმცა პანდემიის გამო ერთი წლით გადაიდო.
საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის გადაწყვეტილებით, ოლიმპიადა მაყურებლის გარეშე ტარდება.