ზაფხულის 32-ე ოლიმპიადა ტოკიოში ოფიციალურად გაიხსნა. გახსნის ცერემონიას სულ 1000-მდე ადამიანი, ძირითადად დელეგაციების წარმომადგენლები და ოფიციალური პირები ესწრებოდნენ. მოედანზე, სადაც ოლიმპიადა გაიხსნა, წუთიერი დუმილით პატივი მიაგეს იმ ადამიანების ხსოვნას, რომლებიც პანდემიას ემსხვერპლნენ.ტოკიოს ოლიმპიადის გახსნის ცერემონიას ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა და სპორტსმენებმა გორის თეატრის სკვერში დამონტაჟებულ დიდ ეკრანზე ადევნეს თვალი. ოლიმპიადაზე შიდა ქართლიდან 5 სპორტსმენი გამოდის, მათგან 4 გორელია ერთი კი ქარელიდანაა.
,,მოგეხსენებათ, ოლიმპიადა არის ყველაზე მნიშვნელოვანი სპორტული ღონისძიება. ზაფხულის 32-ე ოლიმპიურ თამაშებზე საქართველოდან 35 სპორტსმენი მონაწილეობას, 5 მათგანი კი ჩვენი რეგიონიდანაა, რაც ძალზე საამაყოა და ვგულშემატკივრობთ ჩვენს სპორტსმენებს. მოგეხსენებათ, პრემიერის ინიციატივით, მილიონი ლარი გადაეცემა ოლიმპიური ოქროს მფლობელს, რაც დამატებითი წამახალისებელი ჟესტია თითოეული მათგანისთვის. წარმატებები მინდა ვუსურვო ტოკიოს ოლიმპიადის ქართველ მონაწილეებს და იმედი მაქვს, რომ საქართველოს ჰიმნი ბევრჯერ გაჟღერდება ოლიმპიური თამაშების მიმდინარეობისას“, - განაცხადა შიდა ქართლის გუბერნატორმა ვალერიან მჭედლიძემ.
ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად, ტოკიოს ოლიმპიური თამაშების გახსნის ცერემონიას გორის თეატრის სკვერში დამონტაჟებულ ეკრანზე ადევნებდა თვალს საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე ტიტულოვანი გორელი სპორტსმენი, ოლიმპიური თამაშების, მსოფლიოს და ევროპის რამდენიმე გზის ჩემპიონი ლადო ხინჩეგაშვილიც.
,,ყველას მოგეხსენებათ, რამდენად მნიშვნელოვანია ისეთი ღონისძიების გახსნა, როგორიცაა ტოკიოს ოლიმპიური თამაშები. ჩვენი რეგიონიდან 5 სპორტსმენი იღებს მონაწილეობას, მათ და ყველა ქართველ სპორტსმენს ვგულშემატკივრობთ, აქ შევიკრიბეთ, რომ ჩვენი რეგიონის სპორტსმენების მიმართ გამოვხატოთ გულშემატკივრობა და თანადგომა. იმედია, გაგვახარებენ და იმ მოლოდინებს, რაც გვაქვს, გადააჭარბებენ. საბედნიეროდ, ნამდვილად მაქვს ეს გამოცდილება, რომ ვიცოდე, რა არის გულშემატკივრობის დატვირთვა, ეს გახლავთ უმნიშვნელოვანესი, ოლიმპიადაზე გამომსვლელი ჩვენი ბიჭები სოციალური ქსელებით თვალს ადევნებენ აქ მიმდინარე მოვლენებს და მერწმუნეთ, ხალხის გულშემატკივრობა ძალიან მნიშვნელოვანია მათთვის, მოტივაციას აძლევს თითოეულ მათგანს და ასე ვთქვათ, გულშემატკივრობით ჩვენი წვლილი შეგვაქვს მათ წარმატებაში“, - აღნიშნა ლადო ხინჩეგაშვილმა.
გორის მუნიციპალიტეტის მერის ინფორმაციით, ოლიმპიადის მონაწილე გორელი სპორტსმენების გამოსვლების ტრანსლირება დიდ ეკრანზეც მოხდება, სადაც გორელები შესაბამისი რეგულაციების დაცვით გულშემატკივრობასაც შეძლებენ.
ტოკიოს ოლიმპიადაზე შიდა ქართლიდან ხუთი სპორტსმენი მონაწილეობს - გენო პეტრიაშვილი (თავისუფალი ჭიდაობა), ლაშა შავდათუაშვილი (ძიუდო), ვაჟა მარგველაშვილი (ძიუდო), გიორგი მუჯარიძე (მძლეოსნობა, ბირთვის კვრა) და ტატო გრიგალაშვილი (ძიუდო).
ზაფხულის 32-ე ოლიმპიურ თამაშებზე ტოკიო 11 000-მდე სპორტსმენს მასპინძლობს. საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის გადაწყვეტილებით, ოლიმპიადა მაყურებლის გარეშე ტარდება.