საინტერესო ამბები
23.07.2021 12:59
„უფრო სწრაფად, უფრო მაღლა, უფრო ძლიერ“ - ოლიმპიური თამაშები, ასპარეზობა, რომლის მიმდინარეობისას ომებიც კი ჩერდებოდა
2020 წლის ტოკიოს ოლიმპიადა, რომელიც პანდემიის გამო ერთი წლით გადაიდო, სტარტს დღეს აიღებს და 200 ქვეყნის 11 ათასი სპორტსმენი ერთმანეთს ოლიმპიური თამაშების პრინციპით - „უფრო სწრაფად, უფრო მაღლა, უფრო ძლიერ“ - შეერკინება.
ოლიმპიადის გახსნის ცერემონია საქართველოს დროით 15 საათზეა დაგეგმილი.
ოლიმპიადას, ყველაზე უძველეს და პოპულარულ სპორტულ შეჯიბრს საფუძველი ძველ საბერძნეთში ჩაეყარა. პირველი ოლიმპიური თამაშები ძვ. წ. 776 წელს ქალაქ ოლიმპიაში გაიმართა. თამაშებს შორის ინტერვალი დაახლოებით 4 წელს შეადგენდა.
ამჟამად, ოლიმპიური თამაშები თანამედროვეობის უმნიშვნელოვანეს საერთაშორისო კომპლექსურ სპორტულ შეჯიბრებად ითვლება, რომელიც ხელს უწყობს მსოფლიოს ახალაზრდობის მეგობრობისა და ურთიერთთანამშრომლობის განმტკიცებას, მშვიდობასა და პროგრესს.
რაც შეეხება სახეობებს, რომელშიც ძველი ბერძენი ათლეტები ერკინებოდნენ, თამაშებში სპორტის მრავალი სახეობა შედიოდა, მათ შორის სირბილი, ხტომა, ბადროსა და შუბის ტყორცნა, ჭიდაობა, კრივი და ეტლებით რბოლა. ოლიმპიური თამაშები იმდენად მნიშვნელოვანი იყო, რომ იმ დროს ადგილობრივი ომებიც კი წყდებოდა და მეტოქე ქალაქები ერთმანეთს ბრძოლის ველის მაგივრად, სპორტულ მოედნებზე ეჯიბრებოდნენ.
თამაშებში მონაწილეობის მიღება მხოლოდ თავისუფალ ბერძენ მოქალაქეებს (და არა მონებს) შეეძლოთ. სპორტსმენები თამაშებისთვის ბავშვობის ასაკიდანვე ემზადებოდნენ. უკანასკნელი ოლიმპიური თამაშები ახ.წ. 393 წელს ჩატარდა და მხოლოდ 1500 წლის შემდეგ განახლდა თანამედროვე ოლიმპიური თამაშების სახით.
მას შემდეგ, ყოველი ოლიმპიადის დაწყების წინ, ოლიმპიური ჩირაღდნის ესტაფეტა იმართება, რომლის დროსაც ოლიმპიური ცეცხლი ანტიკური თამაშების მასპინძელი ქალაქიდან - საბერძნეთის ქალაქ ოლიმპიიდან - თანამედროვე ოლიმპიადის მასპინძელ ქალაქში ჩააქვთ. ყველაზე მასშტაბური სპორტული მარათონის კიდევ ერთი სიმბოლიკა ოლიმპიური ალამია, რომელიც თეთრი ფერისაა და მასზე გამოსახულია ერთმანეთზე გადაჯაჭვული ხუთი რგოლი (ცისფერი, ყვითელი, შავი, მწვანე და წითელი). რგოლები სიმბოლიზირებენ ხუთ კონტინენტს: აფრიკას, აზიას, ამერიკას, ოკეანეთსა და ევროპას. დროშა შექმნილია პიერ დე კუბერტენის მიერ და მისი თქმით, დროშის ექვსი ფერი (თეთრი ფონის ჩათვლით) ასახავს იმ დროს ოლიმპიური თამაშების მონაწილე ყველა ქვეყნის დროშის ფერებს. ამ ემბლემის დევიზია „Citius, Altius, Fortius“ („უფრო სწრაფად, უფრო მაღლა, უფრო ძლიერ“).
2020 წლამდე, კორონავირუსის პანდემიამდე, ოლიმპიური თამაშები არასდროს გადაუდიათ.
შეგახსენებთ, წელს, ტოკიოს ზაფხულის ოლიმპიადაზე, 23 ივლისი-8 აგვისტო, პორტსმენები 33 სახეობაში დაუპირისპირდებიან ერთმანეთს.
პარაოლიმპიადა კი 24 აგვისტოდან 5 სექტემბრამდე გაგრძელდება და პარასპორტსმენები 22 სახეობაში იასპარეზებენ.
ტოკიოს ოლიმპიადაზე ოთხი გორელი სპორტსმენი გამოვა: გენო პეტრიაშვილი (თავისუფალი ჭიდაობა), ვაჟა მარგველაშვილი (ძიუდო), ლაშა შავდათუაშვილი (ძიუდო) და გიორგი მუჯარიძე (მძლეოსნობა, ბირთვის კვრა).
საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, ოლიმპიური ჩემპიონი 1 მლნ. ლარს მიიღებს.
ტოკიო 11 000-მდე სპორტსმენს მასპინძლობს. საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის გადაწყვეტილებით, ოლიმპიადა მაყურებლის გარეშე ჩატარდება.
 
 
 
 
კვირის ამბები