23.07.2021 12:25
„ფაიზერით“ ვაქცინაციისთვის პორტალზე რეგისტრაცია აუცილებელი აღარ იქნება - ნახეთ, როგორ შეძლებთ აცრის ჩატარებას
„ფაიზერზე“ რეგისტრაცია, პირველი რამდენიმე დღის განმავლობაში, შესაძლებელი იქნება როგორც პორტალის, ასევე ცხელი ხაზის მეშვეობით. მომდევნო დღეებში კი, იმ მოქალაქეებს, ვინც ვერ მოახერხებს რეგისტრაციის წინასწარ გავლას, შეუძლია მივიდეს სამედიცინო დაწესებულებაში და ჩაიტაროს აცრა, - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, თამარ გაბუნიამ განაცხადა.
გაბუნიას ინფორმაციით, დაწესებულებების რაოდენობა, სადაც „ფაიზერზე“ აცრა იქნება შესაძლებელი, გაიზრდება და ქვეყნის მასშტაბით 37 დაწესებულებაში იქნება შესაძლებელი.
„რეგისტრაცია იქნება შესაძლებელი როგორც რეგისტრაციის პორტალის, ასევე 1522 ცხელი ხაზის საშუალებით პირველი რამდენიმე დღის განმავლობაში იმისთვის, რომ ერთიანი რიგი დავიცვათ, შემდეგ იქნება ისევ შესაძლებელი ვირტუალური რეგისტრაციაც, ასე რომ, მოქალაქეს, რომელიც ვერ მოახერხებს პორტალზე რეგისტრაციას ან 1522- ზე, შეუძლია მივიდეს სამედიცინო დაწესებულებაში, ამისთვის 37 დაწესებულებაა შერჩეული ქვეყნის მასშტაბით, ადგილების რაოდენობა ეტაპობრივად გაიზრდება იმისთვის, რომ არ შეიქმნას რიგი და ყველა მსურველი დაკმაყოფილდეს მოკლე ხანში.
ვინც გასული კვირების განმავლობაში გაიკეთა „ფაიზერის“ პირველი დოზა, მათთვის რეგისტრაცია ძალიან მალე დაიწყება და ამაზე განცხადება გაკეთდება, არანაირი შეფერხება ამ პირებს არ ექნებათ.
დოზების რაოდენობა ქვეყანაში როგორც ხედავთ, იქნება შეუზღუდავი, ჩვენ კიდევ ველოდებით მოწოდებას ძირითადი ხელშეკრულების ფარგლებში, რომელიც მილიონზე მეტი დოზის მოწოდებას ითვალისწინებს. ასე რომ, დოზებზე შეფერხება არავის შეექმნება“, - განაცხადა თამარ გაბუნიამ.
ცნობისთვის, აშშ-ის მთავრობის მიერ საჩუქრად გადმოცემული „ფაიზერის“ ნახევარი მილიონი დოზა საქართველოში 24 ივლისს შემოვა.