დღეს ქვემო ჭალაში ჩავედით, ზაზა გახელაძეს და მის საოცარ ოჯახს გათავისუფლება მივულოცეთ, - ამის შესახებ ეროვნული ბიბლიოთეკის ხელმძღვანელი, „გურული დღიურების ფონდის“ დამაარსებელი გიორგი კეკელიძე სოციალურ ქსელში წერს.
გიორგი კეკელიძის ინფორმაციით, ზაზა გახელაძის შვილებს - ანანოს და მარიამს, დათა ვანიშვილის სახელობის სტიპენდია სკოლის დასრულებამდე შეუნარჩუნდებათ.
„დღეს ქვემო ჭალაში ჩავედით - ზაზა გახელაძეს და მის საოცარ ოჯახს, გათავისუფლება მივულოცეთ.
კიდევ - ანანოს და მარიამს დაპირებული ბიბლიოთეკა მოვუწყვეთ. ეს გოგონები მაისიდან ჩვენი ფონდის სტიპენდიატები არიან. დღეს გადავწყვიტეთ და მათ სტიპენდია სკოლის დასრულებამდე შეუნარჩუნდებათ. განათლებით დავძლევთ ოკუპაციას“, - წერს გიორგი კეკელიძე.
შეგახსენებთ, დათა პაპას (დავით ვანიშვილის) სახელობის სტიპენდია „გურული დღიურების ფონდმა“, დათა ვანიშვილის გარდაცვალების შემდეგ დააწესა. ფონდი სტიპენდიებს ოკუპაციის ხაზთან მდებარე სოფლების მოსწავლეებისთვის გასცემს. ზაზა გახელაძის შვილები, დათა პაპას სახელობის სტიპენდიას მაისიდან იღებენ.