საზოგადოება
21.07.2021 10:47
გასული კვირის განმავლობაში მსოფლიოში კოვიდ 19-ით ინფიცირების 3.4 მილიონამდე ახალი შემთხვევა გამოვლინდა და ვირუსს 57 000 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა

კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევათა მნიშვნელოვანი მატება ფიქსირდება მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში. საფრანგეთში, ბოლო დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსის 18 000 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. საფრანგეთის ჯანდაცვის მინისტრის ოლივერ ვერანის განცხადებით, გასულ კვირასთან შედარებით ვირუსის გავრცელების 150% -იანი ზრდა ფიქსირდება.

ვერანი მოქალაქეებს ვაქცინაციისკენ მოუწოდებს და აცხადებს, რომ კოლექტიური პასუხისმგებლობა ვირუსისგან თავდასაღწევი ერთადერთი გზაა.

„ეჭვისა და ყოყმანის დრო დასრულდა, ჩვენ გვაქვს იარაღი - ვაქცინაცია,  აცრის კოლექტიური პასუხისმგებლობა მართებს ყველას, ეს ერთადერთი გზაა იმისთვის, რომ ვირუსს თავი დავაღწიოთ“, -  აღნიშნა საფრანგეთის ჯანდაცვის მინისტრმა.

რთული ვითარებაა ინგლისშიც, სადაც ინფიცირების დღიური მაჩვენებელი 50 000-ზე ავიდა. აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა და დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრმა მოქალაქებს გაერთიანებულ სამეფოში გამგზავრებისგან თავშეკავებისკენ მოუწოდეს.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ინფორმაციით, გასული კვირის განმავლობაში მსოფლიოში კოვიდ 19-ით ინფიცირების 3.4 მილიონამდე ახალი შემთხვევა გამოვლინდა, რაც წინა კვირასთან შედარებით 12%-ით მეტია. ჯანმო-ს ანგარიშით, გასული კვირის განმავლობაში კორონავირუსს 57 000-მდე ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, რაც წინა კვირაში დაფიქსირებულ სიკვდილიანობის მაჩვენებელზე 2 000-ით მეტია.

კვირის ამბები