საზოგადოება
20.07.2021 15:13
ამირან გამყრელიძე - საკოორდინაციო საბჭო კოვიდრეგულაციების გამკაცრებას გეგმავს

მოსახლეობა მოშვებულია, პირბადეს დახურულ სივრცეებშიც აღარ ატარებენ და დღეს მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ ღია სივრცეებშიც დაწესდეს პირბადესთან მიმართებაში რეგულაციები, - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორმა, ამირან გამყრელიძემ საკოორდინაციო საბჭოს სხდომის შემდგომ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

გამყრელიძის თქმით, ახალი შემთხვევების რაოდენობა მკვეთრად გაზრდილია და არსებული კოვიდსიტუაციის გათვალისწინებით, ქვეყანა ნარინჯისფერიდან წითელ ზონაში გადავიდა.

„ყველა ინდიკატორი, რაც ეპიდსიტუაციას ახასიათებს, მხედველობაში მაქვს ახალი შემთხვევების რაოდენობა 100 000 მოსახლეზე დადებითობის მაჩვენებელი, რეპროდუქციის ინდექსი - ეს ყველაფერი არის გაუარესებული.

ჩვენ ახლა, დაახლოებით იმ დონეზე ვართ, როგორც ვიყავით მესამე ტალღის პიკზე, სადღაც 17 მაისს. ასევე, დღევანდელი ეპიდსიტუაცია არის მსგავსი, რაც გვქონდა ოქტომბრის ბოლოს და ნოემბრის დასაწყისში, ნოემბრის ბოლოს პიკისკენ მივდიოდით. ამიტომ, ეს ძალიან საყურადღებოა. ჩვენ ყველა ინდიკატორით წითელ ზონაში გადავედით, აქამდე ვიყავით ნარინჯისფერში და ახლა ვართ წითელ ზონაში. ეს არის განგაშის ერთ-ერთი მთავარი მოცემულობა და შესაბამისი ღონისძიებები უნდა იყოს მიღებული. საბჭოზე იყო მსჯელობა და რიგი გამკაცრება, რა თქმა უნდა იქნება, პირველ რიგში, აღსრულებასთან მიმართებაში.

მოსახლეობა მოეშვა, პირბადის ტარება იგივე დახურულ სივრცეში არ ხდება და დღეს გადაწყვეტილება იქნა მიღებული, რომ ღია სივრცეში დაწესდეს რეკომენდაცია პირბადესთან მიმართებაში. ჩვენ ვიძლეოდით რეკომენდაციას, რომ ღია სივრცეებში, სადაც ადამიანთა გარკვეული რაოდენობა იკრიბება, კოლექტიური შეკრებაა, აუცილებელი ყოფილიყო პირბადის ტარება. დღეს, ამის შესახებ გადაწყვეტილება არის, შტაბი დაამუშავებს ამ საკითხს და ალბათ, შესაბამისი ცვლილებები შევა განკარგულებაში“, - განაცხადა გამყრელიძემ და აღნიშნა, რომ ამის თაობაზე რეკომენდაციები მალე შემუშავდება.

ამასთან, როგორც გამყრელიძემ აღნიშნა, მეტი აქტიურობაა საჭირო ვაქცინაციის პროცესში მოქალაქეთა ჩართულობის თვალსაზრისით, ამასთანავე, საჭიროა გარკვეული შეზღუდვების დაწესება. ეპიდსიტუაციის გაუარესების შემთხვევაში, გამყრელიძე არ გამორიცხავს, რომ დაავადებათა კონტროლის ეროვნულმა ცენტრმა მკაცრი შეზღუდვების რეკომენდაცია დააყენოს.

კვირის ამბები