ერთიანი ეროვნული გამოცდების ძირითადი სესიები დღეს, 20 ივლისს სრულდება. 21 ივლისიდან კი, დამატებითი სესიების ჩატარება დაიწყება. განმარტებისთვის გეტყვით - დამატებითი საგამოცდო სესიები დანიშნულია იმ აბიტურიენტებისათვის, რომლებსაც კოვიდინფექცია დაუდასტურდათ და ამის გამო ვერ შეძლეს გამოცდაზე გასვლა. თითოეულ საგამოცდო საგანში დამატებით შეიძლება დაინიშნოს მხოლოდ ერთი სესია. რაც შეეხება გორის საგამოცდო ცენტრს, ადმინისტრატორის თინათინ გვერდწითელის თქმით, გორის საგამოცდო ცენტრში მსგავსი სახის ერთი შემთხვევაა აღრიცხული. ეს აბიტურიენტი ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდის ჩასაბარებას ხვალ, 21 ივლისს (II სესიაზე) შეძლებს.
„ეროვნული გამოცდები ზოგადი უნარების, ასევე, ლიტერატურისა და ფიზიკის გამოცდებით სრულდება. დღეს აბიტურიენტების ბოლო ნაკადი აბარებს გამოცდას, თუმცა, ამით საგამოცდო პროცესი არ სრულდება. როგორც გითხარით, ხვალიდან დამატებითი სესიები ჩატარდება. გამოცდებს, მომდევნო დღეებში პედაგოგებთან ერთად, ასევე, ჩააბარებენ გრანტის გაუმჯობესებისა და მაგისტრანტობის მსურველებიც. რაც შეეხება დღევანდელ მონაცემებს, დარეგისტრირებული 89 აბიტურიენტიდან 84-მა იმუშავა. 158 პედაგოგიდან კი, და 147 გამოცხადდა“, - აღნიშნა თინათინ გვერდწითელმა.
შეგახსენებთ, ერთიანი ეროვნული გამოცდები პირველ ივლისს ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდით დაიწყო და 30 ივლისს დასრულდება. საქართველოს მასშტაბით გაიხსნა 25 საგამოცდო ცენტრი. 2021 წლის გამოცდებისათვის 38 400-ზე მეტი აბიტურიენტია დარეგისტრირებული. საგამოცდო პროცესი საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მიერ განსაზღვრული რეკომენდაციების სრული დაცვით ტარდება.