შიდა ქართლში მასობრივი ვაქცინაცია 5 სამედიცინო დაწესებულებაში მიმდინარეობს. ამ დროისთვის რეგიონში 13 593 პირია აცრილი. კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაციის პროცესს შიდა ქართლის გუბერნატორი ,,გორმედის“ ქსელის გორის საუნივერსიტეტო კლინიკაში გაეცნო. ქსელის დამფუძნებელმა გია სვანაძემ და ,,გორმედის“ გენერალურმა დირექტორმა ანდრია მიზანდარმა მხარის რწმუნებულს არსებული მდგომარეობა და რესურსები გააცნეს.
,,შიდა ქართლის რეგიონში ვაქცინაცია შეფერხებების გარეშე მიმდინარეობს. რეგიონში ხუთ ლოკაციაზე ემსახურება აცრის მსურველებს შესაბამისი კაბინეტები. მოვუწოდებ ყველას, ჩვენს მოქალაქეებს, იაქტიურონ და ჩაიტარონ აცრა მათთვის სასურველი ვაქცინით, რადგანაც ვაქცინაცია არის პანდემიასთან ბრძოლის ერთადერთი იარაღი“, - განაცხადა სახელმწიფო რწმუნებულმა შიდა ქართლში ვალერიან მჭედლიძემ.
,,გორმედის“ ქსელის გენერალური დირექტორის ანდრია მიზანდარის ინფორმაციით, ამ დროისთვის, ქსელში, ყოველდღიურად 250 მოქალაქის აცრა ტარდება, თუმცა მოთხოვნის გაზრდის შემთხვევაში, შესაძლებელია ვაქცინაციის დამატებითი კაბინეტების ამოქმედება.
,,დღეის მდგომარეობით, „გორმედის“ ქსელში მუშაობს ვაქცინაციის ხუთი ბრიგადა, საშუალოდ, დღეში 250 მოქალაქის ვაქცინაცია ხდება. ბოლო დღეების სტატისტიკა მზარდია, რაც გამოიწვია იმ ფაქტმა, რომ დაგვემატა მიზნობრივი ჯგუფები - შინაგან საქმეთა სამინისტრო, საპატრულო პოლიცია, დაცვის პოლიცია, იუსტიციის სახლი, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლები, ამიტომ, მოთხოვნის შემთხვევაში, ჩვენს გვაქვს ყველანაირი რესურსი რომ ბრიგადების რაოდენობა გავზარდოთ ათამდე და დღეში 500-მდე მოქალაქის ვაქცინაცია შევძლოთ. მინდა ყველას მოვუწოდო ვაქცინაციისკენ, პანდემიის დამარცხების ერთადერთი გზა არის მასობრივი აცრები“, - აღნიშნა ანდრია მიზანდარმა.