საზოგადოება
15.11.2019 17:00
აქციის მონაწილეებმა გორის ადმინისტრაციული შენობის მიმდებარე ტერიტორია დატოვეს

გორის ადმინისტრაციულ შენობასთან გამართული აქციის მონაწილეებმა შენობაში შესვლა ვერ შეძლეს. შენობის შესასვლელში მობილიზებულმა სამართალდამცავებმა აქციის მხოლოდ ორ წევრს - ვასილისა ჯაბახიძეს და ბექა ქორჩილავას დართეს შენობაში შესვლის ნება, რომლებიც, ამავდროულად, გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრები არიან, თუმცა, ამ წინადადებაზე საკრებულოს წევრებმა უარი განაცხადეს.

მანიფესტაციის მონაწილეებმა, სასტვენების თანხლებით, კიდევ ერთხელ მოუწოდეს პარლამენტის მაჟორიტარ დეპუტატ იოსებ მაკრახიძეს მანდატის დატოვება, შემდეგ კი, შენობის ფასადზე, იმ ფანჯრებთან, სადაც მაჟორიტარის ბიუროა განთავსებული, პლაკატები გააკრეს.

შსს-ს შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტის უფროსის მოადგილემ, სერგი ბზიშვილმა აქციის მონაწილეებს კანონმორჩილებისკენ მოუწოდა და გააფრთხილა, რომ ადმინისტრაციული შენობის ფასადზე პლაკატების გაკვრა საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 150-ე მუხლის დარღვევაა, რაც თვითმმართველი ერთეულის იერსახის დამახინჯებას გულისხმობს, თუმცა, თავის მხრივ, აქციის მონაწილეებმაც განაცხადეს, რომ მათ კონსტიტუციით გარანტირებული უფლება - გადაადგილების თავისუფლება შეეზღუდათ.

,,ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ შიდა ქართლის ორგანიზაციის ახალგაზრდული ფრთის წევრებმა გორის ცენტრალურ მოედანზე მდებარე ადმინისტრაციული შენობის მიმდებარე ტერიტორია ცოტა ხნის წინ დატოვეს.

აქციის მონაწილეები გორის მაჟორიტარი დეპუტატების - იოსებ მაკრახიძის და თემურ ხუბულურის იმ გადაწყვეტილებას აპროტესტებდნენ, რომლის საფუძველზეც მათ პროპორციულ არჩევნებთან დაკავშირებით პარლამენტში გამართულ კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიიღეს.

კვირის ამბები