გორში, ქართული ხალხური ცეკვების ანსამბლის სამ არასრულწლოვან წევრს კოვიდ 19 დაუდასტურდა. როგორც ცნობილია, ანსამბლი, რამდენიმე დღის წინ, აჭარაში გამართულ საერთაშორისო ფოლკლორულ ფესტივალში - „კავკასია 2021“ მონაწილეობდა.
ქართული ხალხური ცეკვების სკოლა-სტუდიის წარმომადგენლის განცხადებით, საერთაშორისო ფოლკლორულ ფესტივალში ანსამბლიდან 75 პირი გაემგზავრა, თუმცა, უკან დაბრუნების შემდეგ, ყველა მათგანი გაიტესტა და ვირუსი მხოლოდ სამს გამოუვლინდა.
„ფესტივალი რამდენიმე დღეს გრძელდებოდა, ჩვენი გამოსვლა 7 ივლისს შედგა, უკან სამ დღეში დავბრუნდით, თუმცა, ჩვენი ანსამბლის ერთ-ერთი წევრი (მშობელთან ერთად) აჭარაში დარჩა (ერთი ინფიცირებული სწორედ ეს ბავშვი გახლავთ). ჩვენი ბავშვები და მშობლებიც, ვინც იყო აჭარაში, მათ შორის - მეც, გუშინ გავიტესტეთ, მათგან ზოგმა PCR ტესტისც ჩავიტარეთ. ინფექცია 3 მოზარდს დაუდასტურდა, თუმცა, შემიძლია გითხრათ, რომ სასტუმრო, სადაც ვიყავით, ნამდვილად იცავდა არსებულ რეგულაციებს, ასევე, სახელმწიფოს მიერ დადგენილ მოთხოვნებს სრულად პასუხობდა ღონისძიება. ვერ გეტყვით, სად დაინფიცირდნენ მოზარდები, არ გამოვრიცხავ, რომ ანსამბლისგან დამოუკიდებლად, თუნდაც, ბათუმში დარჩენის, ან გორში დაბრუნების შემდეგ მოხდა მათი დაინფიცირება“, - აღნიშნავს GMnews-თან საუბრისას ანსამბლის წარმომადგენელი.
შეგახსენებთ, რომ საერთაშორისო ფოლკლორული ფესტივალი - „კავკასია 2021“ - ქობულეთში გაიმართა. საერთშორისო ღონისძიებაში, ქართველ შემსრულებლებთან ერთად, მონაწილეები უკრაინიდან, სომხეთიდან, ლიეტუვადან და ლატვიიდანაც იყვნენ.