შიდა ქართლში ქერის მოსავლის აღება დაიწყო. 700 ჰა-მდე ქერი მეურნე ფერმერებმა უკვე დააბინავეს, რაც შეეხება მარცვლეულის ამღებ ტექნიკას, ამ დროისთვის, გორის მუნიციპალიტეტის მინდვრებში 15-მდე კომბაინი მუშაობს - აღნიშნულის შესახებ GMnews-თან სოფლისა და სოფლის მეურნეობის სააგენტოს შიდა ქართლის რეგიონული სამმართველოს ხელმძღვანელმა, მამუკა ლომსაძემ განაცხადა.
„მიმდინარე სეზონზე ქერისა და ხორბლის გაცილებით უკეთეს მოსავალს მივიღებთ. უნდა აღინიშნოს, რომ გარემო პირობებმა და კარგად შერჩეულმა სათესლე მასალამ მოსავლის რაოდენობა და ხარისხი გაზარდა, თუმცა, მოხდა ისე რომ ცხელმა ამინდებმა ალოობის პროცესი ჩვენთანაც დააჩქარა და ქართლსა და კახეთში მკა ერთდროულად მიმდინარეობს. მართალია, მეზობელ რეგიონში გადასროლილი ტექნიკა უკვე დაბრუნდა, მაგრამ ეს საკმარისი არ არის. როგორც კი, კახეთში მოსავლის დაბინავების პროცესი დასრულდება, მათი ტექნიკა მოგვეშველება და გორის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მცხოვრებ მოსახლეობას სასოფლო-სამეურნეო საქმიანობის განხორციელება შეუფერხებლად შეეძლება“, - აღნიშნა მამუკა ლომსაძემ.