საქართველოს მწერალთა კავშირისა და ჟურნალისტთა ფედერაციის წევრი, ისტორიკოსი და იურისტ-სამართალმცოდნე ვაჟა შაქარაშვილი საქართველოს მწერალთა კავშირმა ილია ჭავჭავაძის სახელობის პრემიით დააჯილდოვა. თანამედროვე ავტორს დამსახურებული ჯილდოს მიღება გორის მუნიციპალიტეტის მერმა პირადად მიულოცა.
„სასიხარულოა, რომ გორელი მწერალი, გორის საპატიო მოქალაქე ვაჟა შაქარაშვილი ილია ჭავჭავაძის სახელობის პრემიით დაჯილდოვდა. გულითადად ვულოცავ მას ამ საპატიო ჯილდოს და მომავალში კიდევ უფრო მეტ წარმატებას, ჯანმრთელობას და ნაყოფიერ შემოქმედებით ცხოვრებას ვუსურვებ“, - აღნიშნა გორის მერმა.
„უნაპირო სიხარული, აღმაფრენა, რაც 40 წლის მანძილზე კალამთან ურთიერთობით წილად მხვდა, მერგო. ერის მამის - ილია ჭავჭავაძის სახელობის პრემია ენით ვერთქმული უდიდესი პატივი, საპატიო ტვირთია ჩემთვის, ის დაფნის გვირგვინი, სიყვარული, აღიარება, რაც თქვენგან ვიგრძენი, წილად მხვდა, მერგო! ნავის აფრას ქარი სჭირდება, ჩვენ -ერთმანეთი! მადლობა თქვენდა, ძვირფასო მეგობრებო!
მადლობა საქართველოს მწერალთა კავშირს, მის თავმჯდომარეს, ქალბატონ მაყვალა გონაშვილს ჩემი მოკრძალებული ღვაწლის ესოდენ მაღალი შეფასება-დაფასებისთვის. წმინდა ილია მართალის მადლი ჰფარავდეს სრულიად საქართველოს, ამინ!“, - აღნიშნავს ვაჟა შაქარაშვილი.
მწერალი და პუბლიცისტი ვაჟა შაქარაშვილი, საქართველოს მწერალთა კავშირის წევრია. ასევე, მინიჭებული აქვს ,,ღვაწლმოსილის“ საპატიო წოდება და ნიკო ნიკოლაძის სახელობის პრემია.