ერთწლიანი უკანონო პატიმრობის შემდეგ ზაზა გახელაძე თავისუფალია. გახელაძემ ოკუპირებული ცხინვალის საპატიმრო ცოტა ხნის წინ დატოვა. მას ერგნეთში პრემიერ-მინისტრი, შსს-მინისტრი, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელომძღვანელი და გორისა და ატენის ეპარქიის მმართველი დახვდნენ.
„ღმერთის წყალობით, ჩვენი პატრიარქის წყალობით და ჩვენი მთავრობის გვერდზე დგომით, ყველაფერი კარგად დასრულდა“, - განაცხადა ზაზა გახელაძემ.
ერგნეთში იმყოფებიან გახელაძის ოჯახის წევრებიც.
ზაზა გახელაძის შეწყალების თაობაზე ინფორმაცია ოკუპირებული რეგიონის ე.წ. პრეზიდენტის ადმინისტრაციამ გაავრცელა.
შეგახსენებთ, ზაზა გახელაძე საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლებმა გასული წლის 11 ივლისს, კასპის მუნიციპალიტეტში, სხვილოს ციხის მიმდებარე ტერიტორიაზე უკანონოდ დააკავეს. დაკავებისას ე.წ. მესაზღვრეებმა გახელაძე ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენებით ფეხის არეში დაჭრეს, რის შემდეგაც უკანონოდ აღუკვეთეს თავისუფლება.
5 თებერვალს, ე.წ. სასამართლომ ზაზა გახელაძეს 12 წლით და 6 თვის ვადით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.