კონფლიქტები
14.07.2021 17:45
დე ფაქტო პრეზიდენტის ადმინისტრაცია ცხინვალში, უკანონო პატიმრობაში მყოფი ზაზა გახელაძის შეწყალების თაობაზე ინფორმაციას ავრცელებს

ოფიციალურად ჯერ არანაირი ინფორმაცია არ მიგვიღია ზაზას შესაძლო გათავისუფლებაზე, არაოფიციალურად შევიტყვეთ, თითქოს, დე ფაქტო რეჟიმმა შეიწყალა, თუმცა, რამდენად მართალია, ვერაფერს გეტყვით, - ამის შესახებ ცხინვალში, უკანონო პატიმრობაში მყოფი ზაზა გახელაძის მეუღლემ განაცხადა. ირმა ბუთხუზის განცხადებით, ოჯახთან გუშინ ჰქონდა კომუნიკაცია სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტის ხელმძღვანელის მოადგილეს.

,,ჯერჯერობით ოფიციალურად არანაირი ინფორმაცია არ მიგვიღია, არაოფიციალური წყაროებით გავრცელდა ინფორმაცია, თითქოს, ზაზა შეიწყალა დე ფაქტო რეჟიმმა. ბუნებრივია, მნთელი ამ პერიოდის განმავლობაში, გათავისუფლების მოლოდინი მუდმივად გვაქვს, მაგრამ დაზუსტებით ჯერ არაფერი ვიცით. იმედია, ეს ინფორმაცია რეალური იქნება.

გუშინ გვესაუბრა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტის ხელმძღვანელის მოადგილე ირაკლი ანთაძე, გვითხრა, რომ გამოიკვეთა გარკვეული შესაძლებლობები, თუმცა, უფრო კონკრეტულ დეტალებზე ვერაფერს გეტყვით“, - განაცხადა ირმა ბუთხუზმა.

ზაზა გახელაძის შეწყალების თაობაზე ინფორმაცია ოკუპირებული რეგიონის ე.წ. პრეზიდენტის ადმინისტრაციის საიტზე გავრცელდა. ინფორმაციის თანახმად, გახელაძე ანატოლი ბიბილოვმა შეიწყალა.

შეგახსენებთ, ზაზა გახელაძე საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლებმა გასული წლის 11 ივლისს, კასპის მუნიციპალიტეტში, სხვილოს ციხის მიმდებარე ტერიტორიაზე უკანონოდ დააკავეს. დაკავებისას ე.წ. მესაზღვრეებმა გახელაძე ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენებით ფეხის არეში დაჭრეს, რის შემდეგაც უკანონოდ აღუკვეთეს თავისუფლება.

5 თებერვალს, ე.წ. სასამართლომ ზაზა გახელაძეს 12 წლით და 6 თვის ვადით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.

კვირის ამბები