ტურიზმი
15.11.2019 12:41
როდის, სად და ვისი დაკვეთით დამზადდა ვაგონი, რომლითაც სტალინი გადაადგილდებოდა

საბჭოთა კავშირის ლიდერის, იოსებ სტალინის სახელობის მუზეუმი 1957 წელს დაარსდა და მასში 60 000-მდე ექსპონატი, მათ შორის სტალინის პირადი ნივთები ინახება. მუზეუმის კომპლექსში შედის: 1937 წელს აშენებული მემორიალური სახლი, სადაც სტალინი დაიბადა და ბავშვობის წლები გაატარა; საექსპოზიციო შენობა - კოშკით და სტალინის პირადი ვაგონი, რომლითაც იოსებ ჯუღაშვილმა თეირანში, იალტასა და პოსტდამში იმგზავრა. მუზეუმის თანამშრომლების თქმით, ვიზიტორების ყველაზე დიდ დაინტერესებას სწორედ ეს ვაგონი იწვევს. Gmnews-ი გთავაზობთ ჯავშნიანი სპეცვაგონის ისტორიას, რომელიც 1915 წელს, რუსეთის იმპერატორის დაკვეთით, კანადაში დამზადდა. კრემლის ყრილობათა სასახლეში, ერთ-ერთ პარტიულ ფორუმზე შესვენებისას, კერძო საუბარში, საბჭოთა კავშირის სარკინიგზო ტრანსპორტის იმჟამინდელმა მინისტრმა ბორის ბეშევმა საქართველოს ცენტრალური კომიტეტის პირველ მდივან ედუარდ შევარდნაძეს გაანდო, რომ გადამალული აქვს სტალინის პირადი ჯავშნიანი სალონ-ვაგონი, რომელიც საბჭოეთის ხელმძღვანელს მთელი სიცოცხლე ემსახურებოდა და არ იქნებოდა ცუდი, თუ იგი ამ ვაგონს საქართველოში ჩაიყვანდა. „სტალინის ვაგონი, წლების განმავლობაში, როსტოვის რკინიგზის ერთ-ერთ ჩიხში იყო გაჩერებული. 90 ტონამდე სიმძიმისა და 25 მეტრი სიგრძის ვაგონის ინტერიერს შეადგენს: ტამბური, დერეფანი, სამზარეულო რუსული ღუმელით, სამი ორ ადგილიანი კუპე, სააბაზანო ოთახი ტუალეტით, ი.ბ. სტალინის კაბინეტ-საძინებელი და სალონი-სათათბირო. ვაგონის შიდა ხედი მოპირკეთებულია წითელი ხისაგან. ბუნებრივია, ასეთი მასის მქონე საგნის ქალაქში გადაადგილება, იმ პერიოდში, როგორც ფიზიკურ, ისე პოლიტიკურ სიძნელეებთან იყო დაკავშირებული. ამიტომ გადაწყდა, ვაგონისთვის მოეხსნათ ძარა და ორ ნაწილად გაყოფილი ვაგონი ცალ–ცალკე გადაეტანათ დანიშნულების ადგილზე. ასე გახდა 1985 წლიდან ჩვენი მუზეუმის შემადგენელი ნაწილი. ხშირად ხდება ისე, რომ დროში შეზღუდვის გამო, ტურისტები, რომლებიც კომპლექსის დათვალიერებას მთლიანად ვერ ასწრებენ, მხოლოდ სტალინის ვაგონის მონახულებას ირჩევენ“, - აღნიშნეს ჩვენთან საუბრისას მუზეუმის თანამშრომლებმა. ცნობისთვის, სტალინის სახლ-მუზეუმი, ქვეყნის მასშაბით, ყველაზე მონახულებადი ტურისტული ობიექტია. მუზეუმი, იანვრიდან დღემდე, 164 640 ტურისტმა მოინახულა.

კვირის ამბები