საზოგადოება
14.07.2021 15:31
ვაქცინაციის სპეციალურ პორტალზე „ფაიზერზე“ რეგისტრაცია დაიწყო

„ფაიზერით“ ვაქცინაციისთვის რეგისტრაცია დაიწყო. ვაქცინაციის სპეციალურ პორტალზე ვიზიტის დაჯავშნა 15:00 საათიდან უკვე შესაძლებელია.

ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, აცრის პროცესი 16 ივლისიდან დაიწყება. სრული ვაქცინაციისთვის საჭიროა 2 დოზით აცრა 21-28 დღის ინტერვალით.

უწყების ცნობით, პირველ ეტაპზე ,,ფაიზერით“ აცრა 7 კლინიკაშია შესაძლებელი: თბილისში - „ამტელ ჰოსპიტალ პირველი კლინიკური“, „კავკასიის მედიცინის ცენტრი“, „აკადემიკოს ნიკოლოზ ყიფშიძის სახელობის საუნივერსიტეტო კლინიკა“, „ივ. ბოკერიას სახელობის ჰოსპიტალი“; ბათუმში - „რესპუბლიკური კლინიკური საავადმყოფო“;

 ქუთაისში - „დასავლეთ საქართველოს სამედიცინო ცენტრი“;

გორში - „გიორგი აბრამიშვილის სახელობის საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო ჰოსპიტალი“.

თუმცა, ამ დროისთვის, ვაქცინაციის პორტალზე რეგისტრაცია ჯერჯერობით მხოლოდ თბილისის, იმერეთისა და აჭარის რეგიონებშია შესაძლებელი.

აცრაზე რეგისტრაცია შესაძლებელია, როგორც ელექტრონული პორტალის - https://booking.moh.gov.ge მეშვეობით, ასევე უშუალოდ დაწესებულების ცხელ ხაზზე. გარდა ამისა, ვაქცინაციაზე რეგისტრაციისთვის მოქმედებს ერთიანი სამთავრობო ცხელი ხაზის სპეციალური ნომერი - 144-3. ვაქცინაციის მსურველებს დარეგისტრირება შეუძლიათ პირდაპირ კლინიკაში ვიზიტის დროსაც.

შეგახსენებთ, „ფაიზერის“ ვაქცინაზე ვიზიტის დაჯავშნა ნებადართულია 18 წლის ზემოთ პირებისთვის, ვაქცინის მეორე პარტიის ჩამოსვლის შემდეგ კი, ასაკობრივი ზღვარი 16 წლამდე დაიწევს.

ამ ეტაპისთვის საქართველომ „ფაიზერის“ ვაქცინის 28 000 დოზა მიიღო, რომელიც ორ ნაწილად გაიყოფა. ვაქცინის დარჩენილ პარტიებს კი, საქართველო ეტაპობრივად მიიღებს.
ვაქცინაციის სპეციალური პორტალი ამ დროისთვის შეფერხებით მუშაობს. 

კვირის ამბები