საზოგადოება
14.07.2021 13:32
ამირან გამყრელიძე - ეპიდსიტუაციის გაუარესება შეზღუდვების შემსუბუქებას უკავშირდება

ქვეყანაში, ეპიდემიოლოგიური მდგომარეობა და ყველა ძირითადი მაჩვენებელი, სიკვდილიანობის გარდა, გაუარესებულია, - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორმა ამირან გამყრელიძემ განაცხადა.

გამყრელიძის განმარტებით, ეპიდსიტუაციის გაუარესება შეზღუდვების შემსუბუქებას უკავშირდება.

„ყველა მაჩვენებელი, რომელიც ახასიათებს ეპიდსიტუაციას გაუარესებულია: ინციდენტობა 100 000 მოსახლეზე, ახალი შემთხვევები, დღეს 1 663 ახალი შემთხვევა გვაქვს. დადებითობის მაჩვენებელი, სამწუხაროდ, ბოლო 7 და 14 დღის დადებითობის მაჩვენებელი აცდა უკვე 4%-ს. ერთადერთი, სიკვდილიანობის მაჩვენებელი მოდის ქვემოთ, გარკვეულ დღეებში არის ერთნიშნა, დღეს კი სამწუხაროდ, 13 შემთხვევა გვაქვს. ეპიდსიტუაციის გაუარესება დაკავშირებულია რეგულაციების შემსუბუქებებთან და იმ წესების დაუცველობასთან, რაც ჯერჯერობით არსებობს. კიდევ ერთხელ ვთხოვ ყველას და მოვუწოდებ, დავიცვათ ყველა წესი, რასაც ხშირად ვაჟღერებთ. სამწუხაროდ, რასაც ვაკვირდებით, ნიღაბს უკვე დახურულ სივრცეშიც აღარ ატარებენ. დაუშვებელია ეს, ნიღაბი გახლავთ ყველაზე უფრო მძლავრი დაცვის საშუალება ვაქცინასთან ერთად. ნიღაბი დახურულ სივრცეში აუცილებლად და სადაც 5 ადამიანზე მეტი ვიკრიბებით, აუცილებელია ნიღბის ტარება. მეორე, აუცილებელია დისტანცია დავიცვათ. მესამე, დეზინფექცია, მივეჩვიეთ ამას და ხელებს ხშირად ვიბანთ და კარგია. მაგრამ მთავარი, მეოთხე, თავი ავარიდოთ ყველანაირ თავყრილობას“, - განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ისიც განმარტა, რომ პირბადის ტარებაზე, მათ შორის დიდ თავყრილობებზე პირბადის ტარების კონტროლის გამკაცრება იგეგმება.

 

კვირის ამბები